მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში დაიხარჯება ეკონომიკის დახმარებისთვის გამოყოფილი 2 მლრდ ლარი? - პრემიერი

5e844c8959a12
ინგა მურუსიძე
01.04.20 12:16
1593
ჩვენ იძულებული ვართ, მაქსიმალურად ეფექტურად და რაციონალურად გამოვიყენოთ ჩვენი ეკონომიკის ის მწირი შესაძლებლობები, რაც დღეს გვაქვს, ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილებით გამოიყო 2 მლრდ ლარი ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ის თანხა, რომელიც მიმართული იქნება როგორც სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ასევე კომპანიების მიმდინარე წარმოების, მიმდინარე ბიზნესების შესანარჩუნებლად.

„ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ კრიზისის დაძლევის ფაზისთანავე ქართული ეკონომიკა იყოს მზად, სწრაფად განვითარდეს და აღადგინოს ის სასტარტო პოზიციები, რომელიც ჩვენს ეკონომიკას ჰქონდა წლის დასაწყისში. ამ მიმართულებით ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯანმრთელობის დაცვასთან ერთად შევინარჩუნოთ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ისევე როგორც მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სისტემურ წარმოებებს და შევუწყოთ ხელი ეკონომიკის სისტემურ დარგებს. ამ მიმართულებით, დღეის მდგომარეობით, მოვახდინეთ ბიუჯეტში 2 მლრდ ლარის მობილიზება და ეს არის მხოლოდ პირველი ეტაპი. ჩვენ გვესმის, რომ გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება აღმოვჩნდეთ ისეთ ეტაპზე, რომ ეს დახმარება იყოს კიდევ უფრო გასაზრდელი“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული თანხა არ მოიცავს ჯანდაცვის თვალსაზრისით კოვიდ 19-თან ბრძოლის წინააღმდეგ გამოყოფილ თანხას, რომელიც 351 მლნ ლარია.