მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში დახარჯავს განათლების სამინისტრო 2020-ში 130 მლნ ლარით გაზრდილ ბიუჯეტს?

5d91cb3b4f2c9
ელენე გოგბერაშვილი
30.09.19 13:31
2418
2020 წლის ბიუჯეტის პროექტით, განათლების სამინისტროს დაფინანსება 130 მლნ ლარით იზრდება. როგორც განათლების მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი მისი უწყების მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე საუბრისას აცხადებს, სამინისტროს გაზრდილი დაფინანსება განათლების ინფრასტრუქტურის შექმნას, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდას, ასევე სპორტის და კულტურის მიმართულების განვითარებას მოხმარდება.

„მოგეხსენებათ მიმდინარეობს განათლების რეფორმის კომპლექსური სახეცვლილება, რომელიც მოიცავს ფაქტობრივად ყველა მიმართულებას, დაწყებული სკოლამდელი განათლებით, დამთავრებული მეცნიერებით.

პირველი გამოვყოფდი სკოლის მიმართულებით სამივე კომპონენტს, რომელსაც სკოლა მოიცავს. ეს არის სკოლის ინფრასტრუქტურა, სადაც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად დაგეგმილია როგორც ახალი სკოლების მშენებლობა, ისე არსებულების რეაბილიტაცია. წლევანდელ წელს კიდევ გაიზრდება მასშტაბი და უფრო მეტ სკოლას მოვიცავთ.

მეორე უმნიშვნელოვანესი ეს არის სახელმძღვანელოები, დავიწყეთ გაუმჯობესება და ესეც გაგრძელდება და კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოებს მივიღებთ, რომლითაც ისარგებლებენ ჩვენი მოსწავლეები.

მესამე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ეს არის მასწავლებლები. მოგეხსენებათ შემოდგომაზე იზრდება ანაზღაურება 150 ლარით და როგორც დავპირდით ასევე მომავალ წელს ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ასევე 150 ლარით ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ დღევანდელს რომ შევადაროთ, 300 ლარით გაიზრდება პედაგოგის ხელფასი.

მნიშვნელოვანია ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც გაგრძელდება როგორც სკოლის, ისე პროფესიული სასწავლებლების მშენებლობის მიმართულებით.

მომავალ წელს დაგეგმილია 6 ახალი კოლეჯის მშენებლობა, რაც დაგვეხმარება რეგიონალურ დაფარვაში“-განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ასევე პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებისთვის გაზაფხულზე ხელფასების ზრდა და ჯამში 50%-ით გაიზრდება შემდეგ გაზაფხულზე პროფესიული სასწავლებლების პედაგოგების ანაზღაურება.

გარდა ამისა, როგორც მინისტრი ამბობს, დაფინანსება იქნება მიმართული უმაღლესი სასწავლებლებისა და მეცნიერების მიმართულებით, რათა გაიზარდოს როგორც სწავლების ხარისხი, ისე ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები.

ბატიაშვილი ამბობს, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით განათლების სამინისტროს დაფინანსება 130 მილიონ ლარზე მეტით არის გაზრდილი. გარდა ამისა უწყებამ ერთწლიანი მუშაობით შეძლო გარე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან 600 მლნ ლარის მოზიდვა, რომლის ათვისებაც მომავალი წლიდან დაიწყება.

გარდა ამისა, მომავალი წლიდან დაგეგმილია კულტურის ფონდის ფუნქციონირება. მინისტრის თქმით, კულტურის პროექტების დაფინანსება იქნება გამჭვირვალე პროცესი და მეტი შესაძლებლობა მიეცემათ კულტურის თანამშრომლებს, რომ მეტ რესურსთან ჰქონდეთ წვდომა.

რაც შეეხება სპორტის მიმართულებას, ბატიაშვილის განცხადებით, წელვანდელი წელი განსაკუთრებული წელია, რადგან ამდენი მიღწევა ქართულ სპორტს არასდროს ჰქონია. ეს გამოიხატა იმაშიც, რომ სპორტის მომავალი წლის ბიუჯეტი იზრდება და ეს მიმართულება 14 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდება.