მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში გვჭირდება არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება? - პროგრამა წელს ₾4 მლნ ჯდება

630dff8b30cbb
თელარა გელანტია
30.08.22 16:20
1464
საქართველოს მთავრობა არასტანდარტულ ვაშლს წელსაც დაასუბსიდირებს. „ყველაფერი მოგვარებული იქნება უმაღლეს დონეზე“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის 29 აგვისტოს სხდომაზე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს არასტანდარტული ანუ სამრეწველო ვაშლის მოსავალი 40 000-დან 50 000 ტონამდე იქნება. სუბსიდირების ფორმულა შარშანდელის მსგავსია - თითოეული საწარმო, რომელიც ფერმერისგან არასტანდარტულ ვაშლს იყიდის და გადაუხდის მას არანაკლებ 24 თეთრს ერთ კილოგრამზე გადაანგარიშებით, სახელმწიფოსგან მიიღებს სუბსიდიის სახით 10 თეთრის ოდენობით მხარდაჭერას.

როგორც bm.ge-მ გაარკვია, არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამის წლევანდელი ბიუჯეტი 4 მლნ ლარია.

აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ამ პროგრამისთვის თანხა განსაზღვრული არაა, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, რომ საჭირო ფინანსურ რესურსს უწყების დამტკიცებულ ასიგნებებში მოიძიებენ. სხვათაშორის არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტში თანხა არც შარშან იდო, მაგრამ ვაშლის სუბსიდირებისთვის ფული მაინც მოიძებნა.

„პროგრამა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თითოეულმა ფერმერმა შეძლოს არასტანდარტული ვაშლის სრულად ჩაბარება და მოხდეს მისი გადამუშავება. დაახლოებით, 20-მდე საწარმო იქნება ჩართული პროცესში, რომლებიც ნედლეულის სახით გამოიყენებენ აღნიშნულ პროდუქციას და მიიღებენ ვაშლის კონცენტრირებულ წვენს, ხილფაფებს და სხვა პროდუქციას, რომლის დიდი ნაწილი გადის ექსპორტზე, მათ შორის, ევროკავშირში“, - ასე ახსნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა პროგრამის საჭიროება.

დამატებით bm.ge-მ ოთარ შამუგიას ჰკითხა - „როდის უნდა დაესვას წერტილი არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებას და გარკვეულწილად სუბსიდირების პროგრამები ხომ არ ახალისებს ფერმერებსაც, რომ შეინარჩუნონ არსებული ბაღები, მიუხედავად იმისა, რომ არასტანდარტულ ვაშლზე ბაზარზე მოთხოვნა ნაკლებია ან/და დაბალი ფასია“.

ოთარ შამუგიამ პირდაპირი პასუხი არ გაგვცა და აქცენტი „დანერგე მომავალზე“ გააკეთა.

„სახელმწიფო ახორციელებს არაერთ პროგრამას, რომელიც მიმართულია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის დაფინანსებისთვის და ხელშეწყობისთვის, მათ შორის არის „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, 1 700 ჰა ახალი ვაშლის ბაღია გაშენებული ქვეყანაში. ეს არის ინტენსიური ბაღები, რომელშიც მოწყობილია წვეთოვანი სარწყავი სისტემა. ეს ბაღები, მომავალი წლების განმავლობაში, მოგვცემენ ხარისხიან მოსავალს და ბევრად უფრო მეტს, ვიდრე ძველი ბაღები. ასეთ პროდუქციას არ აქვს რეალიზაციის არანაირი შეფერხება და მისი რეალიზაციაც შესაბამის ფასებში განხორციელდება“, - თქვა მან.

მინისტრი ირწმუნება, რომ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამა მნიშვნელოვანია, რათა თითოეულმა ფერმერმა მოსავლის სრულად ჩაბარება.

„არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ჯაჭვმა, ეკონომიკამ იმუშაოს... ფერმერს აქვს არასტანდარული ვაშლი, რომლის ბაზარზე განთავსებაც ვერ ხორციელდება. შესაბამისად, მისი ჩაბარება რომ მოხდეს და ფერმერს ამ ვაშლის შეგროვება უღირდეს, მან გარკვეული ანაზღაურება უნდა მიიღოს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კონტრიბუციას ვახდენთ და ვეხმარებით, პირველ რიგში, ფერმერს, რომ არსტანდარტული ვაშლი ჩაუბარებელი არ დარჩეს და მოახდინოს მისი რეალიზაცია მისთვის მისაღებ ფასში“, - აცხადებს მინისტრი.

BM.ge-ს მიერ სოფლის განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებისთვის სულ ბიუჯეტიდან დახარჯულია 12 მლნ ლარი. კერძოდ, „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა“ სულ სამჯერ განხორციელდა და ბიუჯეტის ფაქტიური ათვისება 2014 წელს იყო - 3,470,134 ლარი, 2020 წელს - 4,997,824 ლარი, 2021 წელს კი - 3,641,272 ლარი.

როდის იტყვის მთავრობა უარს არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამაზე, უცნობია. ფაქტია, გადასახადების გადამხდელებს მისი დაფინანსება 12 მლნ ლარი უკვე დაუჯდა, რასაც წელს კიდევ 4 მლნ ლარი დაემატება.