მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ აღარ უღირთ ბანკებს მომხმარებლისთვის საბავშვო ანაბრის შეთავაზება?

60f7114f7c57b
ანუკა ჯოხაძე
21.07.21 00:20
1170
გასული წლის შემოდგომაზე ბავშვთა უფლებათა კოდექსში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ან 1000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ქონების მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა, მხოლოდ სასამართლოს თანხმობითაა დასაშვები.

ამ ჩანაწერის საფუძველზე ზოგიერთმა ბანკმა მომხმარებელს შეტყობინებაც გაუგზავნა, რომ მათი შვილის საკუთრებაში არსებული ანაბრის განკარგვა მხოლოდ სასამართლო თანხმობით იყო შესაძლებელი. თუმცა მალევე გაკეთდა განმარტებები, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ ჩანაწერში საბავშვო დეპოზიტები არ იგულისხმებოდა.

ცვლილებების შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა და როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, კონკრეტულმა კომერციულმა ბანკებმა აღნიშნული პროდუქტის შეთავაზებაზე უარი თქვეს.

როგორც საბანკო ასოციაციაში ამბობენ, გასული წლის შემოდგომაზე შესული ცვლილებები გარკვეულწილად ამ პროცესების წინაპირობა იყო, თუმცა როგორც ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, პროგნოზები იმასთან დაკავშირებით, რომ ბანკები აღნიშნულ პროდუქტზე მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, აქამდეც არსებობდა, რადგან საბავშვო ანაბარზე მოთხოვნა დაბალი იყო.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ბანკებმა მომხმარებლებს ალტერნატიული პროდუქტები უკვე შესთავაზეს.

“სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ გვექნება და გვექნება პრაქტიკა როგორ ვმოქმედებთ, საბავშვო დეპოზიტებთან მიმართებაში არსებობს კითხვები, ამ შემთხვევაში საფინანსო სისტემა უფრო მეტად დაიზღვევს თავს. აღნიშნული პროდუქტი არ გამქრალა, შეიქმნა სხვა ბანკების სხვა დეპოზიტები, რომელიც ანაცვლებს აღნიშნულ ანაბარს. განსხვავება ის არის, რომ ერთი ბენეფიციარი ჰყავს ამ დეპოზიტს, რომელიც ათავსებს თანხას და სარგებელსაც იღებს. ხოლო საბავშვო ანაბრის შემთხვევაში იყო როგორც დეპოზიტარი ისე არასრულწლოვანი პირიც", - აცხადებს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე.

საბანკო ასოციაციის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საბავშვო ანაბარს კონკრეტული კომერციული ბანკები ბაზარს აღარ სთავაზობენ, ამ ეტაპზე საბავშვო დეპოზიტებზე მუშაობა მაინც მიმდინარეობს. საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საბოლოო ჯამში აღნიშნული პროდუქტის შეთავაზება მომხმარებლებისთვის ახალი სახით მაინც მოხდება.

“ვისაც დღეს აღნიშნული პროდუქტი არ აქვს, აუცილებლად ექნება. ამ მიმართულებით ბანკები მუშაობენ. ახალი პროდუქტი იქნება იგივე პირობებით, უბრალოდ ძალიან მკაცრი ჩარჩოები ექნება დეპოზიტის დარღვევის პირობას, ანუ დეპოზიტის ვადის ბოლომდე პრობლემა იქნება მისი დაზღვევა.”-ამბობს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე.