მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ აქვთ მაღალი ხელფასი მარეგულირებელი კომისიების წევრებს – გიორგი ფრუიძის განმარტება

5dd7c1543342d
დავით ჯალაღონია
22.11.19 15:16
1889
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი გიორგი ფრუიძე განმარტავს, რატომ აქვთ მარეგულირებელი კომისიების წევრებს მაღალი ხელფასები. ფრუიძეს განმარტება საპარლამენტი უმრავლესობის წევრის ენძელა მაჭავარიანი კითხვის შემდეგ დასჭირდა. დეპუტატმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ იგი მარეგულირებლების მუშაობას სკეპტიკურად უყურებს.

გიორგი ფრუიძემ ენძელა მაჭავარიანს განუმარტა, რომ კომისიებში კერძო სექტორიდან კადრის წამოყვანას კონკურენტული ანაზღაურების შეთავაზება სჭირდება.

„ხელფასების სიდიდესთან დაკავშირებითაც მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ხელფასები იმ სფეროში მოღვაწე კომპანიების მესამე რიგის მოხელეების ხელფასების ტოლიც არ არის და შესაბამისად, ძალიან გვიჭირს კადრების მოზიდვა. ეს წუწუნის საკითხი არ არის, ჩვენ მაღალი ანაზღაურება გვაქვს და ამაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ რომ იცოდეთ, დარგში არის ისეთი (მაღალი) ანაზღაურება, რომ იქიდან კვალიფიციური კადრის წამოყვანა გვიჭირს. ჩვენ რომ გვჭირდება, მაგალითად ისეთი კადრის წამოყვანა, რომელსაც რამდენიმე მიმართულების კვალიფიკაცია აქვს, საკმაოდ გვიჭირს“, – განაცხადა ფრუიძემ.

დღეს გიორგი ფრუიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებს, სემეკ–ის წევრობის კანდიდატის რანგში უპასუხა.

ცნობისთვის: 2018 წელს გიორგი ფრუიძემ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე 192 488,1 ლარი გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ფრუიძე მიმდინარე წლის 29 ოქტომბრამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად მუშაობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე ნათია ლაზაშვილი „რუსთავი 2“-ს საინფორმაციო გამოშვების წამყვანად დაინიშნა, ფრუიძემ თანამდებობა დატოვა. საქმე იმაშია, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისიის ოჯახის წევრის მეუღლე კომისიის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტისთვის ანაზღაურებად სამუშაოს ასრულებს, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი.