21.იანვარი .2021 23:24

რატომ არ არის კოვიდ-ვაქცინები გათვალისწინებული ბავშვებისთვის? - გამყრელიძის განმარტება

რატომ არ არის კოვიდ-ვაქცინები გათვალისწინებული ბავშვებისთვის? - გამყრელიძის განმარტება
views 403
უკან

რატომ არ არის კოვიდ-ვაქცინები გათვალისწინებული 18 წლამდე ასაკის პირებზე? - ამ კითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უპასუხა. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა ბავშვებისთვის საშიშია.

„ჩვეულებრივ ვაქცინის და წამლის შექმნას წლები სჭირდება, ახალი წამალი რომ შეიქმნას საშუალოდ 12 წელია საჭირო. ეს ვაქცინები შეიქმნა ძალიან სწრაფად, ერთ წელზე ნაკლებ დროში. როდესაც აღმოჩნდა ეს ვირუსი, 10 დღეში მისი გენომი უკვე გაშიფრული იყო, როდესაც გენომი გაშიფრულია, ლაბორატორიაში ვაქცინის დამზადება დღევანდელი ტექნოლოგიებით არცისე რთულია. ყველაზე დიდი დრო მიაქვს მის გამოცდას - ჯერ პრეკლინიკურ კვლევას ცხოველებზე და შემდეგ უკვე კლინიკური კვლევის სამ ფაზას ადამიანებზე.

მაგრამ ძალიან დაჩქარებული ტემპით წავიდა ეს პროცესი, ამიტომ ჯერ ბავშვებზე არ ყოფილა კლინიკური კვლევები. ასევე ჩვენ ამ ერთ წელიწადში ვისწავლეთ, რომ ეს დაავადება ბავშვებს ნაკლებად აზიანებს, ან ბავშვებში ძალიან იშვიათად არის გართულებული და მძიმე შემთხვევები. ასე რომ, ჯერ მხოლოდ 18 წელზე მეტი ასაკის ადამიანებზე მოხდა კლინიკური კვლევები, მაგრამ უკვე იწყება 12 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებზეც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დამტკიცებულია. წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრება. პირველ ეტაპზე კი სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები და ის ხანდაზმულები აიცრებიან, რომელთა ასაკი 75 წელსაა გადაცილებული. ამის შემდეგ კი 60-დან 75 წლამდე მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა