მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ არის მიმზიდველი ქართული ბაზარი მოცვის რეალიზაციისთვის - აბესალომ გარმელია

5ec669ddbf880
ვიქტორია მღებრიშვილი
21.05.20 22:40
2642
„ვეძებთ კლიენტებს ქვეყნის შიგნით“, - აცხადებს BM.GE-სთან საუბრისას მოცვის ბაღების მფლობელმა აბესალომ გარმელიამ, რომელიც პანდემიით შექმნილი მდგომარეობის გამო წელს უცხოურ ბაზარზე ქართული მოცვის ექსპორტს ვერ განახორციელებს.

ინდმეწარმე, რომელმაც მოცვის ბაღების გაშენება საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო და თავიდანვე ექსპორტზე იყო ორიენტირებული, იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლის გამო ადგილობრივი ბაზარი რელიზაციისთვის მისთვის არ იყო მიმზიდველი.

„ახლა ვიღებთ პირველ მოსავალს, დაახლოებით 7-10 ტონა იქნება. შექმნილი მდგომარეობის გამო წელს მოცვს ექსპორტზე ვერ გავიტანთ, ამიტომ ვეძებთ კლიენტებს ქვეყნებს შიგნით. თუმცა არ ვფიქრობ რომ ადგილობრივ ბაზარზე მოვახდინოთ ამ მოცულობის მოცვის რეალიზაცია.

მოცვი ძვირად ღირებულია პროდუქტია. ამას ბაზარში ჩვეულებრივად ვერ გაყიდი, აგრარულ ბაზრობაზე ამისთვის შემნახველი მაცივრები უნდა დაყენდეს, აქედან გამომდინარე გაგვიჭირდება ამის გაყიდვა.

მოცვის საექსპორტო ფასი 1 კგ-ზე დაახლოებით 27 ლარამდე გამოდიოდა ჩატანით. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, აქ არ მინახავს ეს პროდუქტი და არ ვიცი რა ფასი ექნება. თუ გვექნებოდა შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობები, რომ ეს მალფუჭებადი და ამავე დროს ძვირად ღირებული პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე გაგვეყიდა, კარგი იქნებოდა“, - ამბობს მოცვის ბაღების მფლობელი.

აბესალომ გარმელიას 9 ჰა-ზე მოცვის ბაღების გაშენებისთვის ჯამში 680 000 ლარის ინვესტიცია დასჭირდა, საიდანაც 120 000 ლარი სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომევალი“-ს ფარგლებში გრანტის სახით გამოეყო.

„2018 წელს 6 ჰა-ზე მოცვის ბაღის გაშენებისთვის გრანტის სახით ჩვენ გადმოგვეცა 75 000 ლარი, ბანკისგან ავიღეთ 280 000 ლარის სესხი დაბალ პროცენტში, ახლა საერთოდ მომიხსნეს პროცენტი და კიდევ დამატებული მაქვს 130 000 ლარი. წელს დამატებით 3 ჰა-ზე გავაშენეთ მოცვის ბაღი, რისთვისაც იგივე სახელმწიფო პროგრამა „დანეგე მომავალის“ ფარგლებში 45 000 ლარიანი გრანტი გადმოგვეცა, ჩვენი ინვესტიცია კი 150 000 ლარს შეადგენდა“, - განმარტავს აბესალომ გარმელია.

ფერმერი ამაზე გაჩერებას არ აპირებს და მომავალი წლისთვის მოცვის ბაღების გაშენებას კიდევ 7 ჰექტარზე გეგმავს.