მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ არის სახელმწიფო ავტოპარკში ელექტრომობილები? - IDFI-ს მიმოხილვა

60218246b02ba
თამთა ჯიჯავაძე
08.02.21 23:40
969

რატომ არ არის სახელმწიფო ავტოპარკში ელექტრომობილები? - ამის შესახებ ბლოგ-პოსტს IDFI აქვეყნებს.

როგორც სტატიაში წერია, საქართველოს სახელმწიფო ავტოპარკში ძალზედ მწირია ელექტრომობილების წილი. 2020 წელს, IDFI-მ შეისწავლა 65 საჯარო სამართლის იურიდიული პირის ავტოპარკი, რომელთა მფლობელობაში 2,850-მდე ერთეული ავტომობილია.

"კვლევამ აჩვენა, რომ 2019 წლის განმავლობაში, შესწავლილი უწყებების თანამდებობის პირებზე განპიროვნებულმა 122 ავტომობილმა 425,000-მდე ლიტრი საწვავი მოიხმარა, რაც სახელმწიფოს დაახლოებით მილიონი ლარი დაუჯდა. შესწავლილი უწყებებიდან, მხოლოდ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო სარგებლობდა ელექტრომობილებით, კერძოდ ხუთი ერთეული Mitsubishi I-Miev-ის მოდელის ელექტრო ავტომობილით, რომლებიც მათ საჩუქრის სახით გადაეცათ.

აღნიშნული ტენდენცია ასევე გამოჩნდა IDFI-ის მიერ ჩატარებულ პარლამენტის ავტოპარკის კვლევაშიც. პარლამენტის განკარგულებაში არსებული 98 ავტომობილიდან მხოლოდ ერთი იყო ჰიბრიდული ავტომობილი, ხოლო არცერთი არ წარმოადგენდა ელექტრომობილს, ხოლო მათი საწვავის საერთო ხარჯმა 2019 წელს 867.7 ათასი ლარი შეადგინა. ხსენებული კვლევების ფარგლებში დამატებით გამოვლინდა ავტოპარკის რაციონალურ განკარგვასთან დაკავშირებული სისტემური ნაკლოვანებები. კერძოდ, ავტოპარკის მასშტაბი, მაღალი გამავლობის და ძვირადღირებული მოდელების რაოდენობა და საწვავის მოხმარების არსებული მაჩვენებლები, რაც ცალსახად მიუთითებს ოპტიმიზაციის აუცილებლობაზე", - წერს IDFI.

ბლოგ-პოსტის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანახმად, 2017 წელს საქართველოს სახელმწიფო ავტოპარკი 16,189 ერთეულ ავტომობილს ითვლიდა და მათზე გაწეული ხარჯი კი 128 მილიონ ლარს აჭარბებდა.

"საჯარო ავტოპარკებში ელექტრომობილების სიმწირის ერთ-ერთი განმაპირობებლი ფაქტორია საქართველოს მთავრობის „N121 დადგენილება“, რომელიც საჯარო ავტოპარკის მარეგულირებელი მთავარი ნორმატიული აქტია. აღნიშნული დოკუმენტი ბუნდოვანია და ართულებს ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილის შესყიდვის შესაძლებლობას (მაგალითად: ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილები). ეს გარემოება პირველად 2019 წლის „სახელმწიფო ავტოპარკის მართვისა და რეგულირების საკითხების უწყებათაშორისი სისტემური შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში“ აღინიშნა. დადგენილებაში ასახული ტექნიკური მახასიათებლები ჰიბრიდულ და ელექტრო ავტომობილებს არ შეესაბამება. შესყიდვას ასევე აფერხებს დადგენილების მიერ დაწესებული ავტომობილის ზღვრული ღირებულება, ვინაიდან ზოგიერთ შემთხვევაში ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილის შესყიდვა ხარჯეფექტური ხდება 100 ათას კილომეტრზე მეტი მანძილის გავლის შემდეგ, რაც აუდიტის მიმდინარეობისას გაკეთებულ ანალიზშიც ნათლად გამოიკვეთა. ანგარიშში იკითხება - „ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილების შედარებით მაღალი ფასი კომპენსირდება სარგებლობაში ყოფნისას ნაკლები საექსპლუატაციო დანახარჯებით (საწვავ-საპოხი მასალა). ასევე ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილების ფლობის შემთხვევაში იკლებს გამონაბოლქვის შედეგად გამოწვეული ზიანის შესამცირებლად გასაწევი ხარჯები.“", - აღნიშნულია IDFI-ის მიმოხილვაში.