მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ დაინტერესდა კაკაბაძეების ოჯახი წყალტუბოში სანატორიუმების ყიდვით?

64244789824a3
თელარა გელანტია
29.03.23 22:00
2903
„ბი ენდ ენ ჯგუფი“ წყალტუბოში ორ აბაზანას, ბალნეოლოგიურ კურორტ Park Resort Tskaltubo-ს, რესტორან „მაგნოლიას“ და სხვა აქტივებს ფლობს. კომპანიის მფლობელის დავით კაკაბაძის თქმით, ჯამში, წყალტუბოში 25 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია აქვთ განხორციელებული.

BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას წამყვანმა ბიზნესმენს ჰკითხა - რატომ არ დაინტერესდა კაკაბაძეების ოჯახი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტის ფარგლებში გასაყიდად გამოტანილი სანატორიუმების ყიდვით.

„დავიღალეთ ძველი შენობების გადაკეთებით“, - თქვა დავით კაკაბაძემ.

საქმე ის არის, რომ 14 სანატორიუმიდან, რომელიც მთავრობამ შარშან საპრივატიზაციოდ გამოიტანა, ჯერჯერობით, მხოლოდ 2 გაიყიდა - „მედეა“ და „თბილისი“. ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი 2022 წლის ბოლოს აცხადებდა, რომ წყალტუბოს 5 სანატორიუმით კატარული საინვესტიციო ჯგუფი დაინტერესდა.

„მამაჩემს <ბიზნესმენი ბადრი კაკაბაძე> ჰქონდა სურვილი, რომ ელექტრონულ აუქციონში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, დავიღალეთ ძველი შენობების გადაკეთებით - ეს ბევრად ძვირი ჯდება და მგონია, რომ ინვესტორები როცა მოდიან და უყურებენ ძველ შენობებს, რომელთაგან ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შეიძლება ეს აფერხებთ...

რაც ამ პროცესში მომწონს არის ის, რომ მართალია, წყალტუბო ნელ-ნელა ვითარდება, მაგრამ არ მომეწონებოდა, რომ წყალტუბო იყოს ერთი ადამიანის კურორტი. კარგი იქნება, თუ ინვესტორებს შორის იქნებიან არაბები, მათ მოჰყვება მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები; ასევე, როგორც ვიცი, ებრაული ჯგუფიც იყო დაინტერესებული, კატარელებზეც მსმენია, მაგრამ არ მინახავს... სანატორიუმების ყიდვით ჩემი მეგობრებიც არიან დაინტერესებულები რუსეთიდან...
სახელმწიფოს ადგილას, მე უფრო ვინერვიულებდი იმაზე, რომ არაფერი არ ხდება იმ სანატორიუმებში, რომლებიც სამი-ოთხი წლის წინ გაყიდეს, იქ არაფერი შენდება და თუ არც აშენდება, მაშინ ქონება სახელმწიფოს უკან უნდა დაუბრუნდეს, რადგან იქ რომ საინვესტიციო ვალდებულებები დროულად შესრულებულიყო, რაც შარშან გაიყიდა, იმ ქონებასაც სხვა ფასი ექნებოდა და სხვებიც უფრო სწრაფად გაიყიდებოდა“, - თქვა დავით კაკაბაძემ და იქვე დასძინა, რომ ბოლო ერთი წელია, წყალტუბოში საჯარო ინფრასტრუქტურა აქტიურად უმჯობესდება.

„შენდება რაგბის და ფეხბურთის სტადიონები, კეთდება გზები... ბევრი რამ თვალსაჩინოა, რასაც წყალტუბოს მოქმედი მერის გენადი ბალანჩივაძის აქტიურობას „ვაბრალებ“. სხვათა შორის სანატორიუმი „თბილისი“ ძალიან ჩქარი ტემპით რემონტდება“, - თქვა დავით კაკაბაძემ.