მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ დასჭირდა ბიუჯეტის კორექტირება “განახლებული რეგიონების” 500-მილიონიან პროგრამას

60a2906bc2a50
შოთა ტყეშელაშვილი
17.05.21 20:00
753
აპრილის ბოლოს საქართველოს მთავრობამ ახალი პროგრამა “განახლებული რეგიონები” წარადგინა, რომელიც 4 წელზეა გათვლილი. იმის მიუხედავად, რომ პროგრამით ნახევარი მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმება, მის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტში ერთი სიტყვაც არ წერია. პროგრამის ბიუჯეტის შესახებ არსებობს მხოლოდ მთავრობის დადგენილება, რომელიც ინფრასტრუქტურის და ფინანსთა სამინისტროებს პროგრამისთვის თანხების მობილიზებას ავალებს.

BMG-იმ ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს ჰკითხა, თუ რატომ არ განხორციელდა ამ პროექტისთვის ბიუჯეტის კორექტირება, რაზეც ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ პროგრამისთვის თანხები ძირითადად ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხარჯების შიდა გადაჯგუფების მეშვეობით გამოიყო, ამას კი ბიუჯეტის კორექტირება არ სჭირდება.

“წელს განახლებული რეგიონების ფარგლებში გათვალისწინებულია 320-340 მილიონ ლარამდე მოცულობის შესყიდვების გაფორმება, რომლის ნაწილის ტენდერები უკვე გამოცხადებულია. როდესაც მოხდა ამ პროგრამის ინიცირება, მისი წყარო იყო ბიუჯეტში არსებული თანხები, რომელზეც მოხდა გარკვეული სახის მოდიფიცირება. თუმცა ძირითადი წყარო იყო მაინც ინფრასტრუქტურული ხარჯების მოდიფიცირება და აქ ვერ დადგებოდა საკითხი, რომ სხვა მიმართულებით იხარჯება თანხა,”- აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

ამ განცხადების მიუხედავად, თავად იმ დადგენილებაში, რომელიც “განახლებული რეგიონების” პროგრამის ბიუჯეტს განსაზღვარს სრულიად განსახვევებული რიცხვებია მითითებული.

მთავრობის მიერ 26 აპრილს მიღებული დადგენილების თანახმად, წელს ამ პროგრამის დაფინანსებისთვის განსაზღვრულია 130 მილიონი ლარი, რომელსაც უშუალოდ მუნიციპალური განვითარების ფონდი მისი 2021 წლის ბიუჯეტიდან დაფარავს. ბიუჯეტის შიდა რეკლასიფიკაციის შედეგად გამოყოფილი 130 მილიონი ლარის გარდა, პროექტისთვის 2021 წელს განსაზღვრულია კიდევ 90 მილიონი ლარი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთიდან მუნიციპალური განვითარების ფონდს უნდა ჩაურიცხოს. შესაბამისად, ჯამში "განახლებული რეგიონების" ფარგლებში თვითმმართველობის არჩევნების წელს 240 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგემება.