14.ოქტომბერი .2021 17:14

რატომ არ ემხრობა ფინანსთა სამინისტრო საპარტნიორო ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსებას?

რატომ არ ემხრობა ფინანსთა სამინისტრო საპარტნიორო ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსებას?
views 374
უკან

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპარტნიორო ფონდის დაფინანსების საკითხს მხარს არ უჭერს. ამის შესახებ მან გუშინ, პარლამენტში, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვაზე განაცხადა. BMG-მ კაკაურიძეს დამატებითი განმარტებისთვის მიმართა.

როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, მთავარი არგუმენტი, რის გამოც მისი უწყება სახელმწიფო ფონდის საბიუჯეტო რესურსებზე გადასვლას არ ემხრობა ის არის, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაა საჭირო.

“დღეს, როცა ფისკალური კონსოლიდაციის საჭიროება დგას, ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გაწევა ამ მიმართულებით ნამდვილად არამიზანშეწონილია. რაც შეეხება თავად საპარტნიორო ფონდს, მის რეორგანიზაციას და კორპორატიზაციას, რა თქმა უნდა ვემხრობით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ბიუჯეტიდან უნდა იყოს დაფინანსება. უნდა მოიზიდოს გარკვეული სახსრები. კორპორატიზაციის მთავარი მიზანი ისაა, რომ ბიუჯეტზე არ იყოს კომპანია დამოკიდებული, არა მხოლოდ საპარტნიორო ფონდი, არამედ ზოგადად სახელმწიფო კომპანიები, რომ მათ ჰქონდეთ მთავარი როლი ეკონომიკის ზრდაში, მათ შორის, დივიდენდების სახით ბიუჯეტის შემოსავლის წყარო გახდეს და არა ის, რომ ბიუჯეტმა აფინანსოს სახელმწიფო საწარმოები.

კორპორატიზაციის კუთხით ერთი მიმართულებით, სახელმწიფო ელექტროსისტემაში უკვე გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, თუმცა დასრულებისგან ჯერ შორს არის და კიდევ ბევრი იქნება გასაკეთებელი იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ ელექტროსისტემა ისეთ კომპანიად, რომელიც ბიუჯეტისთვის დივიდენდის გადამხდელი იქნება და არა ბიუჯეტიდან რესურსების მიმღები, შესაბამისად ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს ყველა დანარჩენ კომპანიაზე. როცა კორპორატიზაცია იქნება დასრულებული და მათ შორის ფისკალური კონსოლიდაციის პრობლემები იქნება გადაჭრილი, მერე შეიძლება ერთჯერადი ინექცია მოხდეს ნებისმიერი მიმართულებით იმისათვის, რომ მომდევნო პერიოდში იყოს წარმატებული და ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი წყარო იყოს ესა თუ ის კომპანია. ამ მიმართულებით იქნება გადადგმული ნაბიჯები ყველა კომპანიასთან მიმართებით, რომელიც სახელმწიფო კორპორაციად შეიძლება მოვიაზროთ”, - განმარტა გიორგი კაკაურიძემ.

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს ამ პოზიციის მიუხედავად, საპარტნიორო ფონდის ბიუჯეტიდან შესაძლო დაფინანსების საკითხი ჯერჯერობით ღიად რჩება.

“გადაწყვეტილებას არ იღებს გიორგი კაკაურიძე, ამას იღებს ჯერ მთავრობა და შემდეგ - პარლამენტი. ჩვენი პოზიცია ამ მიმართულებით განსხვავებულია. ვნახოთ, შეიძლება ამ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში საერთოდ არ მოხდეს, ან შესაძლებელია, მოხდეს და საბოლოო ჯამში, პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას. მე დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია, ფინანსთა სამინისტროს პოზიცია არის ის, რომ დღეს ამ მოცემულობაში, როცა ხდება ფისკალური კონსოლიდაცია, დამატებითი რესურსის კომპანიაზე (საპარტნიორო ფონდზე) მიმართვა არამიზანშეწონილია”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტში მთავრობამ საშემოდგომო სესიაზე განსახილველი კანონპროექტების ნუსხა გადააგზავნა, სადაც წერია, რომ საპარტნიორო ფონდმა შესაძლოა, საბიუჯეტო რესურსებით გააგრძელოს მუშაობა. მოგვიანებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ის საპარტნიორო ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსების მომხრეა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა