10.მაისი .2022 12:46

რატომ არ გაქრა მოხმარებიდან პოლიეთილენის პარკები?

რატომ არ გაქრა მოხმარებიდან პოლიეთილენის პარკები?
views 902
უკან

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ქვეყნის მასშტაბით, პარკების მწარმოებელი 51 ობიექტი შეამოწმა, საიდანაც 37 დაჯარიმდა. შედეგად დეპარტამენტმა 3 529 675 ცალი და 23 378 კგ პარკი, 60 ცალი და 8 036 კგ რულონი და პარკებით სავსე 1501 ტომარა დალუქა.

დაჯარიმებულ კომპანიებს შორის მოხვდა "აა პლასტი". კომპანიის იურისტი აცხადებს, რომ მიზეზი მეორადი გადამუშავების მიზნით ძველად წარმოებული პოლიეთილენის ნაწარმი გახდა, რომელიც ისეთ ადგილზე იყო განთავსებული, რისი უფლებაც კომპანიას არ ჰქონდა.

დაჯარიმების მიუხედავად "აა პლასტში" მონიტორინგს აუცილებლად მიიჩნევენ, თუმცა ამბობენ, რომ კანონის აღსრულების მთელი ტვირთი მხოლოდ მწარმოებლებზე არ უნდა მოდიოდეს და საცალო ვაჭრობის ობიექტების კონტროლიც უნდა გამკაცრდეს.

მელიტა ტყაბლაძე bmg-სთან ამბობს, რომ ბოლო 6 თვეში 1 ტონა ბიოპარკის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ფასი 1800-დან 2200 დოლარამდე გაიზარდა, რის გამოც მათ პროდუქციის გაძვირება უწევთ, გაძვირებული პროდუქციის გამო კი საცალო გაყიდვების წარმომადგენლები იაფასიან მომწოდებლებს ეძებენ, რაც ბაზარზე კანონთან შეუსაბამო ნაწარმის რისკებს ზრდის.

„საჯარიმო სანქციები მეწარმეებისთვის მოულოდნელი არ არის; მესამე წელია თითქმის ყოველთვიურ რეჟიმში გვამოწმებენ. საჯარიმო სანქცია მივიღეთ იმის გამო, რომ ძველად წარმოებული პროდუქცია განთავსებული გვქონდა ისეთ ადგილზე, სადაც არ უნდა ყოფილიყო.

ჩვენ არ გვქონდა იმის ვალდებულება, რომ არსებული ტერიტორიიდან ძველად წარმოებული პროდუქცია გაგვეტანა, ვინაიდან ის დასაწყობებული იყო მეორადი გადამუშავებისთვის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რთულია დაგვემტკიცებინა, როდის იყო ის წარმოებული, პრეტენზია არ გამოგვითქვამს და მივიღეთ ეს ჯარიმა.

პრობლემა არის არათანაბრად გადანაწილებულ პასუხისმგებლობაში. მეწარმეებზე გადადის ძირითადად მონიტორინგის და საჯარიმო სანქციების ტვირთი. არ შეიძლება ეს მხოლოდ ცალმხრივად ხდებოდეს.

ბიოპროდუქტების წარმოებისთვის საჭირო ერთი ტონა ნედლეულის საბაზრო ღირებულებამ გადააჭარბა 2 200 დოლარს, მაშინ როცა 6-7 თვით ადრე ეს თანხა $1800-ს, უფრო ადრე კი 1 600 დოლარს არ სცდებოდა. იცით, რომ ეტაპობრივად ძვირდება ყველაფერი. ასეთ პირობებში წარმოუდგენელია შევიდეთ არაჯანსაღ კონკურენციაში რიტეილერებთან, რომლებიც მუდმივად მოითხოვენ ფასის კლებას. აქცენტი დღეს კეთდება არა ხარისხზე, არამედ ფასზე. მესმის, რომ ეს არსებული მდგომარეობით არის განპირობებული, მაგრამ ფასი პროდუქციის ღირებულების შესაბამისი ხომ უნდა იყოს?!“ - განაცხადა „საქმიან დილასთან“ ინტერვიუში მელიტა ტყაბლაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა