12.მარტი .2020 16:17

რატომ არ გაწერეს კორონავირუსით პირველი ინფიცირებული 14 დღის შემდეგ - გამყრელიძის პასუხი

views 1163
უკან

ეს ავადმყოფი არ გაეწერა და ის გაეწერება მაშინ, როდესაც დააკმაყოფილებს გაწერის კრიტერიუმებს, თუმცა კლინიკურად ის არის კარგად, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

მან იმ კრიტერიუმებზე ისაუბრა, რომლის გათვალისწინებითაც მოხდება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გაწერა, შესაბამისი მკურნალობის შემდეგ.

"გუშინ დამთავრდა პირველი დადასტურებული პაციენტის 14 დღე და გაწერის კრიტერიუმი არის, რომ PCR ტესტი კორონავირუსულ ინფექციაზე ორჯერ უნდა იყოს უარყოფითი.

სამწუხაროდ, გუშინ ტესტი ისევ დადებითი იყო, თუმცა ჯერადობოთ ამ ტესტის ინტენსივობა შემცირებულია, ანუ ვირუსის კონცენტრაცია დაკლებულია. ამიტომ ეს ავადმყოფი არ გაეწერა და ის გაეწერება მაშინ, როდესაც დააკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, თუმცა კლინიკურად ის კარგად არის", - განმარტა გამყრელიძემ.

ამასთან, როგორც დანარჩენი პაციენტების მდგომარეობის შესახებ საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ 5 პაციენტს მძიმე მდგომარეობა აქვს, ამ დროისთვის მათი მეთვალყურეობა კონტროლს ექვემდებარება.

"რაც შეეხება დანარჩენების მდგომარეობას, ერთი პაციენტის მდგომარეობა არის შედარებით მძიმე, რომელიც არის სერიოზული დაკვირვების ქვეშ, მაგრამ არა – ინტენსიურ პალატაში და ასევე, თავისი კლინიკური მდგომარეობით კიდევ 4 პაციენტია საყურადღებო. ამ ეტაპზე არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", – განაცხადა გამყრელიძემ.