მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ გეგმავს მთავრობა შეზღუდვების დაწესებას? - ნათია თურნავა 3 ფაქტორს ასახელებს

60fe742f80fa0
ინგა მურუსიძე
26.07.21 13:05
4082
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, არსებობს სამი ფაქტორი, რომელთა გამოც "ლოქდაუნი" აღარ გამოცხადდება. ესენია: მეტი ინფორმაცია ვირუსის შესახებ, გაძლიერებული ჯანდაცვის სისტემა და ვაქცინები.

დღეს როგორც ნათია თურნავამ, ისე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადეს, რომ მთავრობა არც "ლოქდაუნის" და არც რიგი შეზღუდვების გამოცხადებას არ აპირებს, რადგან "მართვის ახალი გზა" აირჩიეს.

"მთავრობა 
წინა ორი "ლოქდაუნის" გამოცხადებამდეც აკეთებდა მსგავს განცხადებებს, მაგრამ რეალურად სხვა ფაქტი დგებოდა - საზოგადოება და ბიზნესი 1-2 დღით ადრე იგებდა შეზღუდვების შესახებ. ამდენად, ინფიცირების ზრდის გათვალისწინებით, იგივე სცენარს ხომ არ უნდა ველოდოთ ახლაც"? -ჰკითხა bm.ge-მ ნათია თურნავას.

„კითხვა ლეგიტიმურია, მაგრამ აგიხსნით რა განსხვავებაა ამ გაზაფხულსა და 2020 წლის გაზაფხულს შორის. პირველი ის, რომ მაშინ ვიურუსის შესახებ ცოდნა თვისობრივად სხვა იყო - როგორც მსოფლიოში, ისე - საქართველოში; ახლა კი ერთი წელია, თითქმის პანდემიის პირობებში ვიმყოფებით და ცოდნა-უნარიც გაცილებით მეტია. ჩვენი ჯანდაცვის სისტემაც გაცილებით მეტად არის აღჭურვილი და გაძლიერებული და ბოლოს, ჩვენ გვაქვს ვაქცინა.

შედარებით მარტივია ინფიცირებულთა რიცხვის მართვა ჩაკეტვის პირობებში, თუმცა ამისთვის საჭიროა დამატებითი რესურსები, რადგან ჩაკეტილ ინდუსტრიებს დახმარება დასჭირდებათ, რისთვისაც უკვე საკმაოდ დიდი სესხი ავიღეთ. მეტი ვალის აღების არც შესაძლებლობა გვაქვს და არც სურვილი, რადგან სესხი სესხია და ის იქნება დასაბრუნებელი. ამიტომ შევქმენით ყველა პირობა იმისა, რომ ჩაკეტვის გარეშე, მხოლოდ გაძლიერებული ვაქცინაციით დავამარცხოთ პანდემია და ამ ვითარებიდან რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.