მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ ჰყავს დღემდე მომხმარებელი "აწარმოე საქართველოს" საკრედიტო-საგარანტიო სქემას?

5ddd149c39f7d
დავით ჯალაღონია
27.11.19 10:15
1661
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, მიმდინარე წლის 29 მარტს საკრედიტო-საგარანტიო სქემა ამოქმედდა. მისი მიზანი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე გარანტირებაა, რაც პროგრამის ავტორების მტკიცებით, ბიზნესს ფინანსებზე წვდომას გაუმარტივებს.

პროგრამის ამოქმედებიდან თითქმის რვა თვე გავიდა, თუმცა საკრედიტო-საგარანტიო სქემას ბენეფიციარი ისევ არ ჰყავს. მიზეზებთან დაკავშირებით BM.GE-მ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მიმართა.

სააგენტოს პასუხი ასეთია:

"2019 წლის ივლისის თვეში, სააგენტოსა და 12 კომერციულ ბანკს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები პროგრამასთან მიმართებით, აღნიშნული კომერციული ბანკებია: სს "თიბისი ბანკი"; სს "საქართველოს ბანკი"; სს "ბანკი ქართუ" სს "პროკრედიტ ბანკი"; სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია"; სს "იშ ბანკი საქართველო"; სს "ლიბერთი ბანკი"; სს "პაშა ბანკი საქართველო"; სს "ტერაბანკი"; სს "ფინკა ბანკი საქართველო"; სს "ხალიკ ბანკი საქართველო"; სს "კრედო ბანკი".

მოგახსენებთ, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემა არის ინოვაციური და საკმაოდ კომპლექსური პროექტი, რაც მოითხოვდა სრულიად ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას. სწორედ აღნიშნული სქემის კომპლექსურობიდან გამომდინარე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კომერციულ ბანკებსა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელ კომპანიას შორის, ხოლო აღნიშნული პროცესის დასრულების შემდგომ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ განაცხადები აღნიშნული სქემის ფარგლებში".

"აწარმოე საქართველოში" არ აკონკრეტებენ, როდის დაიწყებენ კომერციული ბანკები პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღებას.

აღსანიშნავია, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემის ჯერჯერობით უმოქმედობასთან დაკავშირებით შენიშვნები მთავრობასთან პარლამენტშიც აქვთ. მაგალითად, დეპუტატი ლევან კობერიძე, რომელმაც თავის დროზე, პარლამენტიდან სქემის ამოქმედებას საკანონმდებლო დონეზე მხარი დაუჭირა, ფიქრობს, რომ პროგრამის მიმართ კონკრეტული დაინტერესებული პირები საბოტაჟს ახორციელებენ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ბიუჯეტში საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გასაცემი სესხების უზრუნველყოფისთვის 20 მლნ ლარია გათვალისწინებული.