მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ იქნება მეხუთე ტალღა სერიოზული და საშიში? - ივანე ჩხაიძის მოლოდინი

6144b1f98dad5
ინგა მურუსიძე
17.09.21 20:00
1933
იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ე.წ. მეხუთე ტალღა სხვა ტალღებისგან განსხვავებული და ნაკლებად საშიში იქნება.

„ძალიან ცუდად რეაგირებს საზოგადოება, როდესაც პანდემიის ტალღებზე ვსაუბრობთ; ამას განიხილავენ როგორც ჩვენს ახირებას, მოქალაქეების შეშინებას ან თითიდან გამოწოვილ საბაბს, რომ კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება პანდემიაზე. კორონავირუსის ტალღა არის მხოლოდ მისი სიხშირის და ინტენსივობის ასახვა. თუ გადახედავთ საქართველოს პანდემიის ისტორიას, 2020 წლის თებერვლიდან დღემდე გვქონდა მკაფიოდ დაფიქსირებული შემთხვევების 4 მატება; ახლა მეოთხე ტალღის პერიოდში ვართ, ეს ოთხი ტალღა არის შემთხვევების ოთხი მატება, რაც საქართველოში პიკებით აისახა“, - განაცხადა ექიმმა.

მისი თქმით, ახლა საქართველო იმყოფება მეოთხე ტალღის დაღმავალ მრუდზე, რადგან 17 აგვისტოს პიკიდან დღემდე შემთხვევები ყოველდღიურად მცირდება. „ვთვლით, რომ მეოთხე ტალღის პიკი უკვე გადავლილია“, - ამბობს ჩხაიძე.

ამასთან, როგორც იმუნიზაციის საბჭოს წევრი განმარტავს, წლის ბოლომდე შემთხვევების მატება დამოკიდებულია ახალი მუტაციის გააქტიურებაზე, რისი საშიშროებაც ამ ეტაპზე არ არის.

„ვფიქრობთ, მეხუთე ტალღა არ იქნება ისეთივე მძიმე, როგორიც იყო აგვისტოს პიკი, მაგრამ ველოდებით, რომ ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, შესაძლებელია იყოს სეზონური მატება, განპირობებული, პირველ რიგში, კლიმატური ფაქტორებით, რაშიც ვგულისხმობთ იმას, რომ ზამთარში დახურულ სივრცეებში მეტი ადამიანი იყრის თავს, ხოლო თავის მხრივ, დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება ვერ ვისწავლეთ, ამიტომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი აუცილებლად მოიმატებს, თუმცა ეს არ იქნება ისეთი მძიმე და სერიოზული, რაც წინა პიკების დროს იყო. გარდა ამისა, ოქტომბრისთვის ჩვენ გვეყოლება აცრილების სერიოზული ფენა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ "მთავარის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.