მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ იყენებენ სოციალურ მედიას საქართველოში მოქმედი საწარმოები - ქეთი მეფარიშვილის განმარტება

629527e4574e2
ალა ისპირიანი
01.06.22 01:00
1115
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედ საწარმოებს ინტერნეტთან წვდომა აქვთ, თუმცა სოციალურ მედიას ნაკლებად იყენებენ. კერძოდ, რიცხვები აჩვენებს, რომ ინტერნეტთან წვდომა საწარმოთა 84%-ს აქვს. თუმცა კომპანიების 63% სოციალურ მედია პლატფორმებს არ იყენებს ან იყენებს მხოლოდ ფასიანი რეკლამებისთვის. ქართული ბიზნესი არც ინოვაციებით გამოირჩევა, რადგან საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს საწარმოთა მხოლოდ 6%-მა შემოიტანა ბაზარზე ახალი ან გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც ამ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, 5.4% იყო.

საერთაშორისო ფინტექ კომპანია „ტვინოს“ აზიის რეგიონურმა მენეჯერმა, ქეთი მეფარიშვილმა "საქმის კურსში" აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზად ორგანიზაციების მხრიდან მონაცემების დამუშავების კულტურის არ ქონა დაასახელა.

"პანდემიამ საწარმოებს დიგიტალიზაციის დონის ზრდისკენ უბიძგა. თუმცა, როცა შეზღუდვები შემსუბუქდა, საწარმოები ისევ უკან გადმოერთნენ [უარი თქვეს ციფრულ ტექნოლოგიებზე]. საწარმოების მხრიდან მოლოდინი იყო, რომ ეს დროებითი მოვლენა იქნებოდა და რა არხებსაც არიან შეჩვეული იმ მიმართულებით გააგრძელეს მუშაობა", - განმარტა ქეთი მეფარიშვილმა.

მისივე თქმით, 2025 წლისთვის ნავარაუდევია, რომ ელექტრონული ვაჭრობა 2 მლრდ ლარს მიაღწევს. "სმარტფონი საქართველოში მოსახლეობის 85%-ს გააჩნია - აქ საუბარია 6 წლის ასაკიდან ზევით მოსახლეობაზე. ეს უზარმაზარი შესაძლებლობაა [განვითარებისთვის] და სეგმენტი მზარდია.

სოციალურ მედიას იმიტომ არ იყენებენ, რომ მონაცემებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებების მიღების კულტურა არ არის. ანუ ჩვენ თუ მივმართავთ, რომელიმე ციფრულ ხელსაწყოს რომლიდანაც კონკრეტული ამონაგების მიღება გვინდა, მისი ანალიტიკის წარმოება არ ხდება. ვფიქრობ, ბიზნესს ეფექტიანობის დათვლა უჭირს და სწორედ აქ არის ძირეული პრობლემა. ორგანიზაციებს იქიდან გამომდინარე, რომ მონაცემების დამუშავების კულტურა არ გააჩნიათ, ასეთი ტიპის სარგებელს ვერ ხედავენ", - განაცხადა ქეთი მეფარიშვილმა.