მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ მისცა ხმა დავით სერგეენკომ აგენტების შესახებ კანონს - დეპუტატის პირველი კომენტარი

6415f3f66c648
მარიამ ვარადაშვილი
18.03.23 21:18
1567
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო, რომელმაც უცხოური აგენტების შესახებ მომზადებულ კანონპროექტს პირველ მოსმენაზე მხარი არ დაუჭირა, ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, საზოგადოებისა და პარტნიორების მხრიდან ღია კრიტიკამ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი.

"ვხედევდი, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, ევროკავშირი და აშშ ძალიან ნეგატიურად უყურებდა ამ ყველაფერს. დეტალებში შევედი და გავაანალიზე ეს კანონპროექტიო ამას ვერ ვიტყვი, არ მაქვს მსგავსი კომპეტანცია, თუმცა ვხედავდი ამ დამოკიდებულებას და ალბათ ეს იყო ამ გადაწყვეტილების საფუძველი. [საპროტესტო აქციებს] გავლენა არ ჰქონია ჩემს გადაწყვეტილებაზე, რადგან დროში ისე მოხდა, რომ აქცია ჯერ არ იყო გამართული, როცა კენჭისყრა ჩატარდა",-განაცხადა სერგეენკომ.

“ტვ პირველის” კითხვაზე როგორ აფასებს ხელისუფლების მიერ აქციის დასაშლელად წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებას, სერგეენკო პასუხობს რომ უარყოფითად: “ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის ნეგატიურად ვუყურებ იმას, როცა რომელიმე ადამიანი დაზიანებას იღებს".

მისივე თქმით, პარლამენტში დეპუტატის რანგში საქმიანობის გაგრძელებას აღარ გეგმავს და ამბობს რომ ურჩევნია ექიმად იმუშაოს. მისივე თქმით, საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას "ქართულ ოცნებაში" დაასრულებს და ოპოზიციაში გადასვლას არ გეგმავს. 

"მე-10 მოწვევის პარლამენტი ბოლო იქნება, როცა მე საჯარო სამსახურში და პოლიტიკაში ვიქნები. საბოლოო ჯამში, ახლა იქნება თუ ამ მოწვევის პარლამენტის ვადის ამოწურვის შემდეგ, პროფესიას დავუბრუნდები",-ამბობს სერგეენკო. ჟურნალისტის კითხვაზე მიდის თუ არა "ქართული ოცნებიდან" ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი პასუხობს, რომ პარტიის "შეჯერებულ პოზიციამდე" ურჩევნია ამაზე არ ისაუბროს.