მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ უშვებენ სისტემიდან გამოცდაზე "ჩაჭრილ" პედაგოგებს?

6172ee1ea0ad0
თათია ჩაფიჩაძე
23.10.21 00:10
2064
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე წელს, სულ 7 327 პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო დარეგისტრირებული, თუმცა მონაწილეობა თითქმის 2000 პირით ნაკლებმა 5340-მა მასწავლებელმა მიიღო. მათგან საკუთარ საგანში, მინიმალური კომპეტენციის დადასტურება 2 886 მასწავლებელმა ვერ მოახერხა.

რაც შეეხება პროფესიული უნარების გამოცდას, 2021 წელს სულ 5 912 პრაქტიკოსი მასწავლებელი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 4 137, ხოლო მინიმალური კომპეტენცია 2 365-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა ვერ დაადასტურა.

აღნიშნული მონაცემები ბოლო წლებში ხელმისაწვდომი აღარ იყო რის მიზეზადაც მედიის დახმარებით საზოგადოებაში მასწავლებლების დისკრედიტაცია სახელდებოდა. 2018 წელს შეიცვალა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნაწილი, რომელიც 3-წლიან ვადაში 6-ჯერ გამოცდაზე ჩაჭრილ პედაგოგებს სისტემიდან უშვებდა. მაშინდელი მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას გადაწყვეტილებით, ამ კატეგორიის მასწავლებლებს მიეცათ საშუალება რომ ნაწილობრივ კრედიტ ქულების და ნაწილობრივ სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით სკოლაში დარჩენილიყვნენ. თუმცა ამ წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მასწავლებლების ნაწილმა ესეც ვერ შეძლო და ეს პედაგოგები დღემდე სკოლებში რჩებიან.

როგორც „საქმიან დილას“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის უკვე ყოფილმა მოადგილემ მანანა რატიანმა უთხრა, მათი სისტემიდან გასვლა სექტემბრიდან უნდა მომხდარიყო, თუმცა ეს პროცესი კიდევ ერთი სემესტრით, იანვრამდე გადავადდა.

„ამ აკადემიური წლის დასაწყისიდან მასწავლებლები, რომლებიც ვერ დაადასტურებდნენ კომპეტენციას საბოლოოდ უნდა გასულიყვნენ სისტემიდან, თუმცა სხვადასხვა გამართლებებით ისევ სისტემაში დატოვეს. საუბარი იყო იმაზე რომ გამოცდები ვერ სწორდებოდა დროულად და შესაბამისად ვერ იქნებოდა სასწავლო წლის წინ გამოცხადებული შედეგები, თუმცა ამდენწლიანი გამოცდილება გვქონდა და ეს ყოველთვის ესწრებოდა მაშინაც კი, როცა ბევრად მეტი ადამიანი გადიოდა გამოცდაზე. ამავდროულად კორონა, მასწავლებლებზე ზრუნვა, კოვიდის დროს ჰუმანური მიდგომები, თუმცა ჩვენ საპირწონედ გვიდევს განათლების ხარისხი და მგონი ამ შემთხვევაში მოსწავლეების უფლება რომ მიიღონ ხარისხიანი განათლება უფრო მნიშვნელოვანია.

სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს პანდემიაც, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ სკოლები ჰიბრიდულ რეჟიმზე არიან და ეს კიდევ ერთხელ გვიდასტურებს იმას, რომ მასწავლებელს, ვისაც არ აქვს შესაბამისი კომპეტენცია სკოლაში არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალიან რთულია ონლაინ სწავლების პედაგოგიკა. ისედაც ძალიან დიდი დანაკარგები გვაქვს აკადემიური მოსწრების და ამ დანაკარგებს არ პასუხობს მასწავლებლების კვალიფიკაცია. ამიტომ რა მექანიზმებიც არის ჩადებული ახლა მაინც არ უნდა გადავადდეს და ახლა მაინც უნდა მოვახერხოთ რომ ჩავანაცვლოთ იმ კადრებით, რომლებიც კვალიფიციურები არიან.“ - განაცხადა მანანა რატიანმა.

ცვლილებების მიხედვით იანვრიდან პრაქტიკოსი მასწავლებელი სქემაში აღარ იქნებიან და სისტემა ახლა სამი სტატუსის მასწავლებლებით – უფროსი, წამყვანი და მენტორი განაგრძობს სწავლა-სწავლების პროცესს. სავარაუდოდ, საჯარო სკოლები იანვრიდან 4 ათასამდე უსტატუსო მასწავლებელს უნდა დაემშვიდობოს. როგორც რატიანი ამბობს, მიმდინარე წელს სტატუსი 2000-მდე პედაგოგმა გაუმჯობესა.

აღსანიშნავია ისიც, რომ უფროსი და წამყვანი მასწავლებლები, რომლებსაც წესით უნდა შესძლებოდათ კარიერული სტატუსის გაუმჯობესება, ამას, შესაბამისი მექანიზმების არარსებობის გამო, ამ დრომდე ვერ ახერხებენ.