14.ოქტომბერი .2019 19:55

რატომ არ ვართ აგრარული ქვეყანა

views 2106
უკან

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში განხილვას ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიასა და ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს შორის დებატები მოჰყვა. კომიტეტის თავმჯდომარე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში სოფლის მეურნეობის დაფინანსების გაზრდას ითხოვს.

მისი შეფასებით, სოფლის მეურნეობის წვლილი ეკონომიკურ განვითარებაში უნდა გაიზარდოს, რადგან საქართველო აგრარულ ქვეყანაა. ოთარ დანელიას საპასუხოდ მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ბიუჯეტის რესურსი სოფლის მეურნეობის დაფინანსების გასაზრდელად არ არის საკმარისი, ვინაიდან პენსიები გაიზარდა. მიუხედავად აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებისა, საქართველო აგრარული ქვეყანა ნაკლებადაა, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკის წამყვან დარგებს სოფლის მეურნეობა არ მიეკუთვნება, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსების ზრდა კი, სექტორის რეალური ზრდის ტემპის გაუმჯობესების კუთხით უშედეგოა. თუმცა, დემოგრაფიული კუთხით საქართველო რურარული ქვეყანაა, რადგან მოსახლეობის 41,34% სოფლის კატეგორიის დასახლებაში ცხოვრობს, რაც არ ნიშნავს, რომ ქვეყანა აგრარულია. ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავდება. სოფლად ცხოვრება არ გულისხმობს აუცილებლად სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებას და პირიქით, უბრანიზაციის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება სწორედ სოფლის მეურნეობა იყოს. 

სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის დაფინანსების პირველი მნიშვნელოვანი ზრდა 2012 წელს უკავშირდება, როცა ბიუჯეტის ხარჯებში სექტორის დაფინანსების წილი 0,44%-დან 2,89%-მდე გაიზარდა. 2012 წელს სოფლის მეურნეობის დაფინანსებამ 212,8 მლნ ლარი შეადგინა, 2011 წელს 30,9 მლნ ლარი იყო. ამ პერიოდიდან სოფლის მეურნეობის წილი მთლიან ხარჯებში საშუალოდ 2,34%-ს იკავებს. მიმდინარე წელს სოფლის მეურნეობის დაფინანსება 286,0 მლნ ლარს შეადგენს, რაც ხარჯების 2,43%-ია. მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტში სექტორის დაფინანსება 295,2 მლნ ლარითაა დაგეგმილი, რაც ხარჯების 2,29%-იანი წილია. 



მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან სოფლის მეურნეობის დაფინანსება მკვეთრად გაიზარდა, ამავე წელს ეს სექტორი რეალურად 3,77%-ით შემცირდა. 2013 წელს კი, 11,33%-იანი ზრდა იყო, თუმცა ამ წლის შემდეგ სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის ტემპი ყოველწიურად მცირდებოდა, ხოლო 2017 წელს კი - არა თუ ზრდა, არამედ 3,82%-ით შემცირდა. 2018 წელს კი, მხოლოდ 0,72%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა და ზრდის ტემპი უფრო დაბალი იყო, ვიდრე ეკონომიკის სხვა სექტორების. მათ შორის, ისეთ სექტორებში, სადაც ბიუჯეტიდან ინვესტირება არ ხორციელდება. 

მას შემდეგ, რაც სოფლის მეურნეობის დაფინანსება მკვეთრად გაიზარდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების რეალურმა (სფი 2010=100) მოცულობამ ჯამში, 1 250,0 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდში სოფლის მეურნეობაში რეალური ზრდა 121,0 მლნ ლარია. აღნიშნული მიუთითებს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორის ბიუჯეტიდან დაფინანსების მიუხედავად სექტორი თითქმის არ გაზრდილა. აღსანიშნავია 2010-2011 წლები, როცა სოფლის მეურნეობის დაფინანსება გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე შემდგომ პერიოდში. ამ პერიოდში, 2011 წელს სოფლის მეურნეობის 8,51%-იანი ზრდაც დაფიქსირდა. ეს ფაქტი იძლევა ვარაუდის საფუძველს იმის შესახებ, რომ სოფლის მეურნეობის გაზრდილმა დაფინანსებამ გავლენა ნაკლებად იქონია სექტორში შექმნილ დამატებულ ღირებულებაზე, ვინაიდან უფრო მცირე დაფინანსების პირობებშიც წლიდან წლამდე უფრო მეტი მოცულობის საქონელი და მომსახურება იწარმოებოდა, ვიდრე გაზრდილი საბიუჯეტო დაფინანსების პირობებში.



აღსანიშნავია ეკონომიკის მთლიანი გამოშვება და მასში სხვადასხვა სექტორების კონტრიბუცია, სადაც 20-წლიან პერიოდში, სოფლის მეურნეობაში წარმოებული საქონელი და მომსახურების წილს გამოკვეთილი კლების ტენდენცია ახასიათებს. კონკრეტულად, 1999 წელს მთლიან გამოშვებაში სოფლის მეურნეობას ყველაზე მეტი, 23,78%-იანი წილი გააჩნდა, რაც 2018 წელს 6,76%-იან ნიშნულს იკავებს. აღნიშნულ პერიოდში სოფლის მეურნეობის სექტორს მნიშვნელოვანად გადააჭარბეს მრეწველობის, მშენებლობის, ვაჭრობის და სხვა სექტორებმა. 2018 წელის მთლიან გამოშვებაში ყველაზე მეტი, 18,29%-იანი წილი მრეწველობას უკავია, ხოლო მშენებლობას და ვაჭრობას კი - 12,89% და 12,43% უჭირავს შესაბამისად. თავის მხრივ, 20 წლის წინ მშენებლობის წილი მთლიან გამოშვებაში 4,62%-ს შეადგენდა. გარდა ხსნებული სექტორებისა, საანგარიშო პერიოდში მკვეთრად იზრდებოდა საფინანსო სექტორის გამოშვების წილი. აღნიშნული მიუთითებს, რომ ეკონომიკის მთლიანი გამოშვების - საქონელი და მომსახურების წარმოებაში სოფლის მეურნეობის კონტრიბუცია მცირდება, ხოლო სხვა სექტორები კი, ბევრად სწრაფი ტემპით ვითარდება. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკის დოვლათის შექმნაში ბევრად დიდი როლი მრეწველობას, მშნებელობას, ვაჭრობას, ტრანსპორტს და სხვა დარგებს გააჩნიათ, ვიდრე -სოფლის მეურნეობას. 



2015-2018 წლებში სოფლის მეურნეობის სექტორში საქონელი და მომსახურების ექსპორტისა და იმპორტს შორის უარყოფითი მაჩვენებელია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნაში უფრო მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი ხორციელდება, ვიდრე ექსპორტი. განსაკუთრებით შესამჩნევია მიმდინარე წლის II კვარტლიდან ექსპორტის მკვეთრი შემცირება და იმპორტის ზრდა, რამაც საანგარიშო პერიოდში სოფლის მეურნეობის უარყოფითი სავაჭრო ბალანსის წინა პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. აქვე აღსანიშნავია, რომ 2015-2018 წლებში თვეების მიხედვით სოფლის მეურნეობის სექტორში წარმოებული საქონელი და მომსახურების ექსპორტის მოცულობა გამოკვეთილად არ იცვლება. 

2015-2019 წლის 9 თვის მონაცემებით, ყოველთვიურად სოფლის მეურნეობის ექსპორტის მოცულობა საშუალოდ 2,2 მლნ აშშ დოლარია, ხოლო იმპორტის კი - საშუალოდ 4,2 მლნ აშშ დოლარი. ძირითადი საექსპორტო საქონელია: ღვინო, მინერალური წყლები, თხილი და ა.შ. 



თავის მხრივ, არამარტო სოფლის მეურნეობაში, არამედ მთლიან ექსპორტში გამოკვეთილად ძირითადი საექსპორტო საქონელი ღვინოა, რასაც მთლიან ექსპორტში 5,53%-იანი წილი უჭირავს, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტში კი - 60,30%. აღნიშნული ადასტურებს, რომ ღვინის გარეშე სოფლის მეურნეობის დანარჩენ პროდუქციაში სავაჭრო დეფიციტი გაცილებით დიდია. 

სოფლის მეურნეობაში ეკონომიკური მაჩვენებლები სექტორის დაბალპროდუქტიულობასა და საბიუჯეტო დაფინანსების ზრდის მიუხედავად, განვითარების საკმაოდ დაბალ ტემპს ადასტურებს. 2012 წლიდან მკვეთრად გაზრდილი საბიუჯეტო დაფინანსების მიუხედავად, რეალურად სექტორი თითქმის არ გაზრდილა, ხოლო ბოლო 20 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის წილი მთლიან გამოშვებაში გამოკვეთილი კლების ტენდენციით ხასიათდება. ეს მიუთითებს, რომ სხვა სექტორებთან შედარებით სოფლის მეურნეობას ეკონომიკაში დოვლათის შექმნის მცირე წვლილი გააჩნია. თავის მხრივ, ეკონომიკის სტრუქტურა და პარამეტრები იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობა და შედარებითი უპირატესობა არ გააჩნია. ამდენად, საქართველოს აგრარული ქვეყანა ნაკლებადაა და ასეთი შეფასება გადაჭარბებულია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა