მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ ხდება საპენსიო დანაზოგების ინვესტირება? - "დეგენერატს ხომ არ ავირჩევთ?!"

5e009afcc4545
შოთა ტყეშელაშვილი
23.12.19 15:00
3579
“საინვესტიციო საბჭოს ოფიცრად დეგენერატს ხომ არ ავირჩევთ?! ეგეც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, მაგრამ ავირჩიოთ დეგენერატი?! მიმდინარეობს მუშაობა, რომ ავირჩიოთ კარგი პროფესიონალი, რომელსაც შემდეგ ფულის მართვას ვანდობთ,”- ასე პასუხობს საქართველოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრი დავით წიკლაური  BMG-ის კითხვას იმის თაობაზე, თუ რატომ  ვერ ინიშნება საპენსიო სააგენტოს საინვესტიცო ოფიცერი, რაც პირდაპირ კავშირშია მოქალაქეების საპენსიო დანაზოგების ინვესტირებასთან.

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ყველა ადამიანი, ვინც დასაქმებული იყო, საკუთარი ნება-სურვილის მიუხედავად, სახელმწიფომ დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართო. მათგან სქემიდან გამოსვლის უფლება მხოლოდ 40 წელზე უფროსებს აქვთ. სისტემაში დღეისთვის 943,113 ადამიანი მონაწილეობს, 163,000-მა კი, ის დატოვა.

სახელმწიფო საპენსიო ფონდის ზომა 483,700,000 ლარს შეადგენს, აღნიშნული თანხა სააგენტოს მიერ კომერციულ ბანკებში არის განთავსებული. რამდენიმე დღეში სისტემის ამოქმედებიდან ერთი წელი გავა, მოქალაქეები კი მალე მეთორმეტე გადახდას განახორციელებენ. ამის მიუხედავად, ამ დრომდე არ დაწყებულა ის, რისთვისაც თავად საპენსიო სააგენტო შეიქმნა - ეს დანაზოგების ინვესტირებაა.

კანონის მიხედვით, საქართველოს საპენსიო სააგენტოს ინვესტირება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით უნდა მოხდეს, თუმცა ამ დრომდე საპენსიო სააგენტოს აღნიშნული დოკუმენტი არ აქვს. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება საინვესტიციო საბჭოს ვალდებულებას წარმოადგენს, რომლის ხუთკაციანი შემადგენლობაც საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 11 მაისს დაამტკიცა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც ინვესტირება არ ხდება, არის გარემოება, რომ საპენსიო სააგენტოს დღემდე არ ჰყავს არჩეული მთავარი საინვესტიციო ოფიცერი. სწორედ მთავარი საინვესტიციო ოფიცრის ვალდებულებას წარმოადგენს საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის საფუძველზე გააკეთოს სააგენტოში აკუმულირებული თანხების ინვესტირება.

BMG აღნიშნული საკითხის შესახებ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრს დავით წიკლაურს ესაუბრა. მისი თქმით, საინვესტიციო ოფიცრის ასარჩევად კონკურსი რამდენჯერმე გამოცხადდა, მაგრამ ამ დრომდე შესაბამისი კვალიფიკაციის კადრი არჩეული არაა. ამასთანავე, წიკლაური ამბობს, რომ საინვესტიციო საბჭოსთვის მნიშვნელოვანია საინვესტიციო ოფიცერიც იყოს ჩართული პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაში.

ინტერვიუ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრ დავით წიკლაურთან:

 - რა აფერხებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცებას?

 - "საკანონმდებლო სირთულეები არ აფერხებს, მაგრამ პროცესი არის ისეთი, რომ მიდის მუშაობა საინვესტიციო ოფიცრის შერჩევას და თავად საინვესტიციო პოლიტიკაზე. არ არის თავად მარტივი დოკუმენტი, მაგრამ მიმდინარეობს მუშაობა და დიდი ნაწილიც დასრულებულია. გვინდა, რომ ჯერ საინვესტიციო ოფიცერი ავიყვანოთ და რადგან ეს ადამიანი იქნება საინვესტიციო ნაწილზე პასუხისმგებელი გვინდა, რომ მანაც შეიტანოს წვლილი ამ პოლიტიკაში. კონკურსი რამდენიმეჯერ იყო და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მათთან, ვინც ამ კონკურსით გამოვლინდა. თუ თანხმობა არ განაცხადეს, მაშინ არაა გამორიცხული, რომ ახალი კონკურსის გამოცხადებაც მოგვიწიოს.

 - თუ მთავარი საინვესტიციო ოფიცერი არ იქნა არჩეული, ისე ვერ დაასრულებთ მუშაობას დოკუმენტზე?

 - დავასრულებთ, მაგრამ უმჯობესია, ისიც იყოს ჩართული, რადგანაც ისიც იქნება ამ პოლიტიკის გამტარებელი. თავად დოკუმენტის დამტკიცება დიდ დროს არ მოითხოს სანამ მთავარი საინვესტიციო ოფიცერი არაა. პოლიტიკა, რომ გვქონდეს უკვე მიღებული, ინვესტიცია მაინც ვერ გაკეთდება, ამიტომ გვირჩევნია, შევარჩიოთ საინვესტიციო ოფიცერი, რომელიც პოლიტიკას შეხედავს და ის პოლიტიკაც დამტკიცდება მალევე.

 - ამ დროისთვის თანხების ინვესტირება არ ხდება და ის ბანკებშია განთავსებული; ეს ხომ მოქმედებს იმ ათასობით ადამიანის პოტენციურ შემოსავალზე, ვინც ამ სისტემაში არის გაწევრიანებული? იმაზე, რომ ისინი კარგავენ შესაძლებლობას უფრო მომგებიანად იყოს სააგენტოს მიერ მათი თანხა განკარგული. ამასთან მიმართებით, თუ გრძნობთ პასუხისმგებლობას?

- საინვესტიციო მხარე? რა თქმა უნდა, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, მაგრამ საინვესტიციო საბჭოს ოფიცრად დეგენერატს ხომ არ ავირჩევთ? ეგეც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ, მაგრამ ავირჩიოთ დეგენერატი?! მიმდინარეობს მუშაობა, რომ ავირჩიოთ კარგი პროფესიონალი, რომელსაც შემდეგ ფულის მართვას ვანდობთ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 9 დეკემბერს საქართველოს საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემა თანამდებობიდან გადადგომის სურვილი საჯაროდ დააფიქსირა. ის აღნიშნულ პოსტს, სავარაუდოდ, მომავალი წლის 15 იანვრიდან დატოვებს. სურგულაძემ განაცხადა, რომ საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს, საპენსიო რეფორმის წარმატებისთვის კი, ილოცებს.