26.ნოემბერი .2022 12:02

რატომ არიან გერმანული კომპანიები წარმატებულები? ისინი ინვესტიციებს დებენ თანამშრომლებში - ელჩი

რატომ არიან გერმანული კომპანიები წარმატებულები? ისინი ინვესტიციებს დებენ თანამშრომლებში - ელჩი
views 2112
უკან

რატომ არიან მცირე და საშუალო ზომის გერმანული კომპანიები წარმატებულები, რომელთა სახელიც არავინ იცის, ვინაიდან ისინი არ არიან სამომხმარებლო პროდუქტის მწარმოებლები? ისინი არიან მსოფლიო ლიდერები ტექნოლოგიებში, თავიან სექტორებში გაყიდვებით… გერმანული კომპანიები თავიანთ თანამშრომლებს ატრენინგებენ და ავითარებენ, ისინი ინვესტიციებს დებენ თანამშრომლებში, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, bm.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რას იტყვგის ის პირად მცდელობაზე საქართველოსა და გერმანიას შორის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავებისთვის, ერნსტ პიტერ ფიშერი პასუხობს, რომ ბიზნესი ბიზნესის წარმომადგენლებისთვისაა, ხოლო დიპლომატებს შეუძლიათ მხარდამჭერი როლი იქონიონ.

„პირველ რიგში მნიშვნელოვანია, ინფორმაცია გავიდეს, დავრწმუნდეთ, რომ ყველამ იცის პოტენციალის შესახებ. მე ვილაპარაკებ იმაზე, რასაც აქ საქართველოში ვხედავ, სად ვხედავ პოტენციალს და ვეცდები მივაწოდო ინფორმაცია გერმანულ ბიზნესებს, და ასევე პირიქით, მივაწოდო ინფორმაცია ქართულ მხარეს, იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს მათთვის, არამხოლოდ კონკრეტული ბიზნესგარიგებების კუთხით, არამედ სექტორების კუთხით, რაც შესაძლოა ინტერესის საგანი იყოს. ამასთან, ჩვენ არაერთი პროგრამა გვაქვს თანამშრომლობის განვითარების კუთხით. გერმანია აფინანსებს კერძო სექტორის განვითარებას, განახლებადი ენერგიების განვითარებას, კანონმდებლობის განვითარებას ცალკეული მიმართულებით, რაც რელევანტურია ბიზნესისთვის და აქ შეიძლება ვახსენო ერთ-ერთი მიმართულება - პროფესიული უნარების განვითარება“, - განაცხადა ელჩმა.

ელჩმა ფიშერმა ვრცლად ისაუბრა კვალიფიციური კადრების დეფიციტის საკითხის მოგვარებაზე საქართველოში.

„ვიცით პრობლემაა, რომ კომპანიები ვერ ახერხებენ კვალიფიციური კადრების პოვნას - ყველა დონის პროფესიონალების, დაწყებული მაღალკვალიფიციური ინჟინრებით და დამთავრებული უბრალოდ კვალიფიციური თანამშრომლებით. ასევე, ვიცით გამოწვევა, რომ მოქალაქეები ტოვებენ საქართველოს, რათა სადმე სხვაგან იპოვონ სამსახური. ასე რომ, თუ ჩვენ საქართველოში ადამიანების პროფესიულ უნარებს განვავითარებთ, მთელ ეკონომიკას „ავწევთ“.

სწორედ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გერმანიის განვითარების თანამშრომლობის კუთხით. ჩვენი გუნდი ახლა არაერთი მილიონი ევროს მოცულობის პროგრამას განიხილავს, რომელიც გვინდა საქართველოს შევთავაზოთ. ვმუშაობთ კოლეჯებთან, რათა განვავითაროთ პროფესიული კოლეჯების კურიკულუმი, ვმუშაობთ ასევე მთავრობასთან, რათა დავეხმაროთ მათ განავითარონ კანონმდებლობა და ამასთან დაკავშირებული რეგულაციები.

გარდა ამისა, ვმუშაობთ კომპანიებთან, რათა ისინი მზად იყვნენ ადამიანების დატრენინგებისთვის. და ვმუშაობთ თავად ახალგაზრდებთან, რათა ისინი არსებული შესაძლებლობების შესახებ განვანათლოთ. ზოგჯერ ადამიანები ამბობენ, რა არის მსოფლიოში გერმანიის ექსპორტის წარმატების საიდუმლო, რატომ არიან მცირე და საშუალო ზომის გერმანული კომპანიები წარმატებულები, რომელთა სახელიც არავინ იცის, ვინაიდან ისინი არ არიან სამომხმარებლო პროდუქტის მწარმოებლები. ისინი არიან მსოფლიო ლიდერები ტექნოლოგიებში, თავიან სექტორებში გაყიდვებით… ერთ-ერთი საიდუმლო, რაც შემიძლია გავამხილო არის ის, რომ გერმანული კომპანიები თავიანთ თანამშრომლებს ატრენინგებენ და ავითარებენ, ისინი ინვესტიციებს დებენ თანამშრომლებში. ნათქვამია, რომ თუ მეტყვით რომ ძვირია თანამშრომლებში ინვესტირება, უბრალოდ დაფიქრდით რამდენად ძვირი ჯდება ის, რომ მათში ინვესტიცია არ ჩადოთ. მთავარია, რომ გერმანიაში სახელმწიფო და ბიზნესი ინაწილებს პასუხისმგებლობას.

ისინი ერთად მუშაობენ კურიკულუმების განვითარებაზე, სამუშაოების განსაზღვრაზე, იმ კვალიფიკაციის განსაზღვრაზე, რაც საჭიროა. ჩვენ ასევე გვაქვს სქემა, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდები სკოლაში ათწლიანი სწავლის შემდეგ კომპანიებს აჰყავთ სტაჟირებაზე და სტაჟირება მოდულების მიხედვითაა, სამუშაო ადგილზე მიმდინარეობს, რაც კარგად ორგანიზებული პროცესია და ასევე ისინი სწავლობენ პროფესიულ სასწავლებელში, სადაც შეიძლება ისწავლონ მათემატიკა, გეომეტრია თუ ფიზიკა, საკანონმდებლო გარემო, პერსონალური უნარები და სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი დგამს ნაბიჯებს და ამბობს, რომ სახელმწიფომ და ბიზნესმა ეს ერთად უნდა გააკეთონ. ამ შემთხვევაში თეორიული და პრაქტიკული ცოდნა აქვს მას და კომპანია აღარ დარჩება უკმაყოფილო, რომ მაგალითისთვის, მხოლოდ ბიზნეს უნარები აქვს და თეორიული ცოდნა არ აქვს. რაზეც შესაძლოა კომპანიებმა თქვან, რომ ეს ის არ არის, რაც გვინდოდა და ახლა ჩვენ დამატებით ტრენინგები უნდა გავატაროთ“, - განმარტა ელჩმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა