16.აპრილი .2021 13:13

რატომ არის ახალი ევრობონდები 5-წლიანი? - ლაშა ხუციშვილის პასუხი

რატომ არის ახალი ევრობონდები 5-წლიანი? - ლაშა ხუციშვილის პასუხი
views 306
უკან

საქართველომ $500 მილიონი დოლარის ევრობონდები გამოუშვა და ამით ახალი საგარეო ვალი მოიზიდა. ევრობონდების გამოშვების მიზანს 2011 წელს გამოშვებული 10-წლიანი ობლიგაციების რეფინანსირება წარმოადგენდა. დღეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ევრობონდების ემისიის შესახებ ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ საქართველომ ამ ახალი ვალის აღება რამდენჯერმე შემცირებული საპროცენტო განაკვეთის პირობებში შეძლო. თუკი 2011 წელს გამოშვებული ობლიგაციების განაკვეთი 6.875% იყო, ახალი ევრობონდის კუპონის განაკვეთი 2.75%-ია. ამასთან, 10 წლის ნაცვლად, ამ ფასიანი ქაღალდის ვადიანობა 5 წელს შეადგენს.

BMG-ის კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მთავრობამ 5-წლიანი ბონდების გამოშვება, ლაშა ხუციშვილმა უპასუხა, რომ მათ შესაბამისი რეკომენდაცია საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა მისცეს.

“ბაზრის კონიუქტურიდან გამომდინარე უფრო სარგებლიანად ჩაითვალა 5-წლიანი ობლიგაციების გამოშვება. ვადიანობიდან გამომდინარე განსხვავებული პროცენტია. 10 წლიანს სხვა განაკვეთი აქვს, 3-წლიანს სხვა. ვადიანობასთან დაკავშირებით სარგებლის და ხარჯის შეწონვა ხდება და ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება. ერთმნიშვნელოვნად ყველა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის პოზიცია იყო, რომ დღეს ამ კონკრეტული ეტაპისთვის უფრო სარგებლიანი იქნებოდა 5-წლიანი ევროობლიგაციების გამოშვება,”- BMG-ის უპასუხა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ახალი ევრობონდის კუპონის განაკვეთი რამდენჯერმე შემცირდა, ქვეყანის ბიუჯეტი მის მომსახურებაზე 5 წლის განმავლობაში 350 მილიონ ლარს დაზოგავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა