მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის ექსპორტის დაბალი დივერსიფიკაცია პრობლემა?

5ef090ee0c111
ეგნატე შამუგია
22.06.20 15:15
2274
გრძელვადიანი სტაბილური და მაღალი ეკონომიკური ზრდისთვის ინსტიტუციური სტაბილურობა აუცილებელი წინაპირობაა, რაც კერძო საკუთრების და მეწარმეობის თავისუფლების გარანტიების, სამართლიანი სასამართლოს, დაბალი ბიუროკრატიული ბარიერების და სხვა კომპონენტების არსებობას გულისხმობს, თუმცა ამ უკანასკნელთან ერთად კრიტიკული როლი ეკონომიკის სტრუქტურულ საკითხებსაც გააჩნია. კერძოდ, რაც უფრო დივერსიფიცირებულია წარმოება და ექსპორტი, მით უფრო ნაკლებია რისკები არასტაბილური ეკონომიკური ზრდის. აღნიშნულს განსაკუთრებულ მნიშვნელობა განვითარებადი ეკონომიკებისთვის გააჩნია, რადგან საგარეო და საშინაო შოკებისადმი ესეთი ქვეყნები უფრო მეტად მოწყვლადები არიან. რისკების მინიმიზაცია კი სწორედ წარმოების სტრუქტურული და ექსპორტის გეოგრაფიული დივერსიფიკაციით მიიღწევა. კერძოდ, თუ ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობები ფართოა - მთლიან ექსპორტში ერთეულ ქვეყნებს ან ცალკეულ ეკონომიკური რეგიონს დომინანტური პოზიცია არ გააჩნია, ასეთ შემთხვევაში საგარეო შოკების მასშტაბური გავლენის რისკები ნაკლებია. მეორე მხრივ, თუ წარმოების სექტორულ განაწილებაში ეკონომიკა ცალსახად გამოკვეთილი, მაღალი წილის მქონე დარგებით გამოირჩევა, აღნიშნული, ინვესტიციების არხით მომდინარე შოკების მიმართ მეტად მოწყვლადია. ამა თუ იმ, განსაკუთრებით მაღალი წილის მქონე სექტორში ინვესტიციების შემცირებას უფრო მეტი უარყოფით გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდაზე, ვიდრე ეს დივერსიფიცირებული წარმოების პირობებში იქნებოდა. შესაბამისად, დივერსიფიცირებული სტრუქტურის ეკონომიკების ზრდა მეტად სტაბილურია.

თავის მხრივ, ეკონომიკის სტრუქტურის დივერსიფიცირების მამოძრავებელი ხსენებული ინსტიტუციური ფაქტორებია, რაც ემპირიულად დასტურდება. კერძოდ, განვითარებად ქვეყნებში კერძო საკუთრების მყარი გარანტიები, ვაჭრობის ლიბერალიზაცია და სხვა ფაქტორები მჭიდროდაა ეკონომიკის დივერსიფიკაციასთან ასოცირებული. მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდას და დივერსიფიკაციას (ექსპორტის, წარმოების) შორის მძლავრი კავშირია და ამ უკანასკნელის ზრდა ამცირებს წარმოების არასტაბილურობას. ასეთი მდგომარეობის მიღწევისთვის კი ინსტიტუციური ფაქტორების გაუმჯობესება და ქვეყნებთან სავაჭრო ბარიერების (ტარიფები, კვოტები, ტექნიკური საკითხები) აღმოფხვრა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი. ეს კი საქართველოს შემთხვევაში საკმაოდ თვალსაჩინო გახდა.

საქართველო განვითარებადი ღია ეკონომიკის ქვეყანაა, რომლის ეკონომიკური ზრდის მოდელში საგარეო მოთხოვნას (წმ. ექსპორტი) თვალსაჩინო ადგილი უკავია. გარდა, ექსპორტისა, ინვესტიციებს ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი უჭირავს, რაც ადგილობრივი მოხმარების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროა. ცხადია, თავისუფალი ვაჭრობა და უცხოური კაპიტალისთვის ქვეყნის მიმზიდველობა დიდი სარგებელია, მაგრამ ნაკლები დივერსიფიკაციის პირობებში საგარეო შოკებისადმი მოწყვლადობა უფრო მეტია. ამის ერთ-ერთი გამოვლინება 2014-2016 წლები იყო, რაც ნავთობპროდუქტებზე ფასები ვარდნის შედეგად რეგიონის ქვეყნებიდან მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება.



ქვეყნების მიხედვით, საქართველოს საექსპორტო კალათა ნაკლებად დივერსიფიცირებულია. ძირითადი პარტნიორები უმეტესწილად რეგიონის ქვეყნებია. მთლიან ექსპორტში პირველი სამეულის და ხუთეულის წილი 2006 წლიდან მყისიერად შემცირდა, მაგრამ აღნიშნული ექსპორტის შემცირებით იყო გამოწვეული. კერძოდ, ამ პერიოდში რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე ემბარგოს დაწესებით. რუსეთი კი ისტორიულად საქართველოს ძირითადი საექსპორტო ქვეყანაა, ხოლო ღვინო კი ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საქონელი. პირველი სამეულისა და ხუთეულის წილი მომდევნო შემცირებაც არა ახალი ბაზრების ათვისებას, არამედ ძირითად სავაჭრო პარტნიორებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას და საგარეო მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება. ასეთი კი 2014-2016 წლის ნავთობის ფასების შემცირების გამო, რეგიონის გავლენით ექსპორტზე მიღებული საგარეო შოკი იყო. თუმცა, ამავე ქვეყნებში მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად ექსპორტის გეოგრაფიული განაწილება კვლავ ძველ ნიშნულებს დაუბრუნდა. ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე საექსპორტო ქვეყნების პირველი სამეულის წილი საშუალოდ 40.0%-ია, ხოლო პირველი ხუთეულის კი - საშუალოდ 55.3%. ეს ქვეყნები კი აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი, ბულგარეთი და ბოლო წლებში ჩინეთი გახდა.



ბოლო წლებში საქონელი და მომსახურების საექსპორტო სტრუქტურა უფრო ნაკლებად დივერისიფიცრებული გახდა, სადაც საქონლის სახეების მიხედვით, პირველ სამეულის წილი მთლიან ექსპორტში ½ -ია, ხოლო პირველი ათეულის კი - 70.0%-ს აჭარბებს. აღნიშნული მხოლოდ ადგილობრივს, რეექსპორტის გარეშე ექსპორტირებულ საქონელსა და მომსახურებას მოიცავს, სადაც ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები (27.9%), ფეროშენადნობები (13.0%) და ღვინოა (9.5%). ამ სამეულს ადრეულ წლებში თხილი იკავებდა, რითაც საქართველოს თხილის ბაზარზე 5%-იანი წილით მესამე ადგილი ეკავა.

მთლიან ეკონომიკის გამოშვებაში დომინანტური პოზიცია დამამუშავებელი მრეწველობას, ვაჭრობასა და მშენებლობას უჭირავს. ამ უკანასკნელის წილის ზრდა ბოლო რამდენიმე წელი უკავშირდება. ბოლო ათწლიან პერიოდში სამივე სექტორის წილი მთლიან გამოშვებაში საშუალოდ 42.0%-ია (მათ შორის, ორეულის წილი 31.2%), რომელთა პოზიცია ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში თითქმის უცვლელია და სამუშაო ძალის ძირითადი დამსაქმებელი. კერძოდ, სამივე სექტორის დასაქმების წილი ¼ -ია, ხოლო დაქირავებით დასაქმებაში კი ½ -ზე მეტი.



ამდენად, საქართველო არც ეკონომიკის სტრუქტურის მაღალი დივერსიფიკაციით და შესაბამისად, არც საექსპორტო საქონლის მიხედვით გამოირჩევა. გეოგრაფიული თვალსაზრისით კი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ნაკლებად სანდოა, ხოლო მთლიანი რეგიონი კი არასტაბილური. აღნიშნული გარემოება საშინაო თუ საგარეო შოკების მიმართ მაღალო მოწყვლადობასთან ასოცირდება, რადგან ცალკეული დომინანტ სექტორში ან ქვეყნებში უარყოფითი ტენდენციის დროს მაღალია მთლიანი ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენის მასშტაბი. ეს კი ბოლო წლებში არაერთხელ დადასტურდა.

შესაბამისად, დღეს არსებული მდგომარეობა, ახალი ბაზრების ათვისების აუცილებლობას და ექსპორტის დაბალანსებას საჭიროებს, რათა ეკონომიკური ზრდა სტაბილური და ცალკეული ქვეყნების თუ ეკონომიკური რეგიონის არასახარბიელო მდგომარეობის გავლენა მინიმალური იყოს. თუმცა, ფაქტია, რომ ამ დრომდე ახალი ბაზრების ათვისება ვერ ხერხდება (თუ არ ჩავთვლით ჩინეთის) და ვერც საექსპორტო საქონლის დივერსიფიცირება მოხდა. მიზეზები კი დიდწილად ინსტიტუციურ ფაქტორებშია. ეს კი არა მთავრობის აქტიური როლით - ცალკეული სექტორების პირდაპირი ან ირიბი სუბსიდირებით, არამედ ყველასთვის თანაბარი პირობების შექმნით და გარანტიებით მიიღწევა. ასეთი კი უცხოური თუ ადგილობრივი კაპიტალისთვის არსებული ბარიერების აღმოფხვრას, სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას, პოლიტიკურ სტაბილურობას და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების მოწესრიგებას გულისხმობს. სუბსიდირების პირობებში კი, პირიქით, ამა თუ იმ სექტორის პოზიცია ხელოვნურადაა შენარჩუნებული და ნაკლებადკონკურენტულია, რაც, ერთი მხრივ, შოკებისადმი მოწყვლადობას კიდევ უფრო მეტად ზრდის და მეორე მხრივ, წარმოებისთვის არასამართლიან გარემოს ქმნის.