15.მაისი .2020 16:35

რატომ არის საგადასახადო შეღავათებისთვის 6-თვიანი ვადა? - ლევან კობერიძე მთავრობას აკრიტიკებს

views 199
უკან

რატომ არის საგადასახადო შეთავათებისთვის განსაზღვრული 6 თვის ვადა, ხომ არ არის ეს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური მიზნებისთვის წინაასაარჩევნოდ გამოყენებული თემა?, - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს, რომელმაც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით ინიცირებული კანონის პროექტი წარადგინა "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", რაც 1 მაისიდან 6 თვის განმავლობაში საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს.

"კანონპროექტში მითითებულია, რომ ცვლილებები ეხება 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის განმავლობაში პერიოდს. 6 თვის ვადა რა არგუმენტით არის განსაზღვრული და რატომ არა სამი თვით, 8 თვით ან 10 თვით? პირდაპირ რომ ვთქვათ, 1 მაისიდან რომ ავთვალოთ 6 თვე, ეს გამოდის ოქტომბერი, ანუ საარჩევნო თვე, ბუნებრივად იბადება კითხვა, ხომ არ არის ეს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური მიზნებისთვის წინასაარჩევნოდ გამოყენებული თემა? რა არგუმენტს ეყრდნობა 6 კალენდარული თვე? რა ვერსიები განიხილებოდა და რატომ შეჩერდა არჩევანი 6 თვეზე?", - მიმართა კობერიძემ მინისტრის მოადგილეს.

თავის მხრივ, გიორგი კაკაურიძის არგუმენტი აღნიშნულთან დაკავშირებით ის იყო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება შეფასდეს, როგორც საარჩევნო.

"მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც გაჟღერდა, არჩევნებს უკავშირდება. სინამდვილეში, ასეთი ინიციატივები დღეს საჭირო იყო. ძირითადად ყველა ღონისძიება არის გათვლილ 6 თვეზე და ეს ხდება იმიტომ, რომ რეალურად, მსოფლიოში არავინ იცის პანდემიის ეფექტები.

როცა ამ პაკეტის შედგენა მიმდინარეობდა და კომუნიკაცია გვქონდა როგორც სავალუტო ფონდთან, ისე სხვა ინსტიტუტებთან და ვადიანობის განსაზღვრა იყო მთავარი ფაქტორი, გაჩნდა მოსაზრება, ხომ არ გაგვეკეთებინა სამ თვეზე, თუმცა საბოლოოდ, გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის პერიოდი ვერ დასრულდებოდა 1 თვეში, მოსალოდნელი იყო, რომ შეზღუდვები მინიმუმ სამი თვის განმავლობაში გაგრძელდებოდა და შემდეგ ეკონომიკას დასჭირდება აღდგენა, რისთვისაც მინიმუმ 2-3- თვიანი პერიოდი არის საჭირო. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ კომპენსაციების ნაწილი 6 თვეზე იქნა გათვლილი, ასევე ტურიზმის კუთხით შეღავათები 6 თვეზე იქნა გათვლილი. ანუ ყველაფრის გათვლა განხორციელდა 6 თვეზე, ვინაიდან მაგაზე უფრო მცირე პერიოდში აღდგენა შეუძლებელი იყო, ხოლო მაგაზე უფრო გრძელ პერიოდში რესურსები გაცილებით მეტი იქნებოდა საჭირო, მაგრამ მოლაპარაკებების დროს იმაზე ვსაუბრობდით, რომ მერე რომ გაგრძელდეს კიდევ პანდემია და მეორე ტალღა დაიწყოს, მერე რა მოხდება? მერე უკვე ყველასთან ვართ შეთანხმებული, რომ თავიდან მოხდება იმ პარამეტრების შეთანხმება და 6 თვიანი პერიოდი იქნება გასაგრძელებელი. დღეს კი შეიძლება ითქვას, რომ სავარაუდოდ ივნის-ივლისში შეზღუდვები მოიხსნება, ხოლო ამის შემდეგ კომპანიებს მიეცემათ 3 თვე იმისთვის, რომ მოახერხონ აღდგენა. ეს იყო ძირითადი მოსაზრება, თუ რატომ ითვლებოდა ყველაფერი 6 თვეზე", - განაცხადა კაკაურიძემ.

თავის მხრივ, კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა, რომ მსგავსი შეკითხვა თავადაც დასვა და პასუხად მიიღო, რომ სავალუტო ფონდის რეკომენდაციის თანახმად, უფრო მოკლე პერიოდზე პაკეტის გათვლა ვერ მოხდებოდა, ამიტომ უნდა გაგრძელებულიყო სავარაუდოდ ამ პერიოდზე.

გიორგი კაკაურიძის თქმით, რეკომენდაციები იყო, მათ შორის სავალუტო ფონდის, რომ მინიმუმ 6 თვეზე გაითვალოს ყველაფერი, რასაც მთავრობა აკეთებს.

"სავალუტო ფონდს არც ერთ თავის ინტერვიუში არ გაუჟღერებია, ამ 6 თვესთან დაკავშირებით არაფერი. მე სხვა ინფორმაცია მაქვს ვადებთან დაკავშირებით. მე გეკითხებით, რატომ 6 თვე? და თქვენ მპასუხობთ, რომ 3 თვეში ალბათ არ დამთავრდება პანდემია და ა.შ. მწყობრი გეგმა ეკონომიკასთან მიმართებაში ჩვენ არ მოგვისმენია - ეს არის პრობლემა. 6 თვე არის კონკრეტული ვადა, მათ შორის იმ თანხებზე, რომელიც ჩვენი პარტნიორების მხრიდან გადმოირიცხა. სწორედ თქვენი თხოვნით, პირდაპირ მთავრობის ანგარიშზე დაჯდა 200 მლნ დოლარი, ნაცვლად ეროვნული ბანკის ანგარიშისა. აქედან არც ერთ მოქალაქეს არანაირი დახმარება არ მიუღია. მე მაინტერესებს, 6 თვეში რა ხდება? რა ნიშნულებზე გავდივართ. რა პროგნოზებია? 6 იმიტომ რომ სამი არა და მეტი იმიტომ არა, რომ რა ვიცით მერე რა იქნება. ვფიქრობ, ეკონომიკურ კომიტეტში მეტად საგნობრივი მსჯელობა იყოს. მე ძნელად წარმომიდგენია სავალუტო ფონდს დახმარება 6 თვეზე მიება. ჩვენ გადავამოწმებთ ამ ყველაფერს და უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ. თუ ჩვენ ვსაუბრობთ, სამ თვეში რა იქნება და ვამბობთ, რომ დაიწყებენ კომპანიები ცოტათი აღდგენას. ეს გაუგებარია ჩემთვის", - მიმართა კობერიძემ გიორგი კაკაურიძეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა