02.სექტემბერი .2019 13:00

რატომ არის საქართველო ღარიბი ქვეყანა?! - მამუკა ბახტაძის პასუხი

views 9374
უკან

სიღარიბის გამომწვევი მთავარი მიზეზი არის კატასტროფული დამოკიდებულება იმპორტზე-ამის შესახებ განცხადება საკუთარ სოციალურ ქსელში უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა. მისი განმარტებით, წლების განმავლობაში ისე იზრდებოდა საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება იმპორტზე, რომ საბოლოო ჯამში იმ მდგომარეობამდე მივიდა ქვეყანა, როდესაც ქვეყნის საგარეო ვალი მთლიან ეკონომიკაზე მეტია.

“მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მუდმივად ორნიშნა მაჩვენებელს აღწევდა. თვალსაჩინოებისთვის − მსგავსი დეფიციტის მაჩვენებლები აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: გამბია, ერაყი, ტოგო, მალავი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.

სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, არ ხდებოდა ამ პრობლემის სწორი შეფასება, რაც ქრონიკულ დაავადებად იქცა.

სწორედ ამიტომ, პირველი რიგის ამოცანაა, რომ აღმოვფხვრათ ეს გამოწვევა. ამიტომაც შევიმუშავეთ ახალი ეკონომიკური მოდელი, რათა ქვეყანას არ ეცხოვრა ვალით და აღარ გაგრძელებულიყო დამანგრეველი და ქვეყნისათვის ბოლოს მომღები ეკონომიკური პოლიტიკა.

სწორედ ახალი ეკონომიკური მოდელის დამსახურებაა, რომ 3 წლის განმავლობაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 13%-იდან შემცირდა 4.5%-მდე (2019 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი), რაც მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო წარმატებაა.

საგარეო მოწყვლადობის კუთხით, აღნიშნული ეკონომიკური მოდელის ეფექტიანობა დაამტკიცა გასულ წელს ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში − თურქეთის ეკონომიკაში შექმნილმა პრობლემებმა, რომლის მიმართ საქართველოს ეკონომიკამ განსაკუთრებული მდგრადობა გამოიჩინა და რასაც ხაზი გაუსვეს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა”-აცხადებს ბახტაძე.

ასევე უკვე ყოფილი პრემიერი, ეკონომიკის მოწყვლადობის მეორე უმნიშვნელოვანესს ფაქტორად მაღალ დოლარიზაციას ასახელებს.

“კიდევ ერთი სენი − მაღალი დოლარიზაცია. ამ მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის ჩვენ წამოვიწყეთ ამბიციური ლარიზაციის რეფორმა. ჩვენი ოპონენტები ამ რეფორმას ეწინააღმდეგებოდნენ მთავარი არგუმენტით, რომ საპროცენტო განაკვეთები გაიზრდებოდა, თუმცა სახეზე გვაქვს აბსოლუტურად საპირისპირო სურათი. დღეს იპოთეკურ სესხზე განაკვეთი მერყეობს 7-8 პროცენტის ფარგლებში, რაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე წლების განმავლობაში უცხოურ ვალუტაში არსებულ სესხებზე არსებობდა. ამასთანავე, ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა, ახალგაზრდა ოჯახებისათვის პირველი ბინის შეძენისას საპროცენტო განაკვეთი იყოს 6 პროცენტის ფარგლებში.”-აცხადებს ბახტაძე.