მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა მეზობელ ქვეყნებზე დაბალი - მინისტრის პასუხი

60fe88f1b9a8f
ვიქტორია მღებრიშვილი
26.07.21 23:15
903
საქართველოს ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაციამ FAO-ზე დაყრდნობით საქართველოში 1 ჰა ფართობზე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, საქართველოში, ერთ ჰექტარზე საშუალოდ წარმოებული ხეხილი მეზობელი ქვეყნების მიერ წარმოებულ რაოდენობაზე რამდენჯერმე ნაკლებია.

ამასთან დაკავშირებით დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ ჩამორჩება საქართველო მეზობელ ქვეყნებს მოსავლიანობის მიხედვით.

ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაში სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული მხოლოდ 2013 წლიდან გახდა, მანამდე კი ამ მიმართულებით დარგის განვითარებაზე დიდი რესურსები არ იხარჯებოდა, რაც კადრების გადინების მიზეზი იყო. სოფლის მეურნეობის მინისტრი ირწმუნება, რომ მომავალ წლებში ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა და მოსავლიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„საქართველომ სოფლის მეურნეობის განვითარება ინტენსიურად 2012 წლის შემდეგ დაიწყო. სწორედ ამ დროს გამოცხადდა, რომ სოფლის მეურნეობა ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნებოდა. გვესმის, რომ წინა წლებში სახელმწიფო სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით ნაკლებს აკეთებდა, სოფლის მეურნეობაში ძირითადი დაფინანსებების ზრდა 2010 წლიდან მოხდა. 2004-დან 2010 წლამდე სოფლის მეურნეობიდან დასაქმებულების გადინება სხვადასხვა დარგში ხდებოდა. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ვერც პროდუქტიულობაზე და ვერც კონკურენტუნარიანობაზე, განსხვავებით ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან, რომლებიც რამდენიმე წელია სოფლის მეურნეობის პროდუქტების განვითარებას თანმიმდევრულად ცდილობენ, როგორც სომხეთი, ასევე აზერბაიჯანი.

ჩვენ სოფლის მეურნეობის თანადაფინანსებაც და განვითარებაზე ზრუნვაც 2013 წლიდან დავიწყეთ. რადგან მხოლოდ ფულის ხარჯვა არ არის, ეს სისტემების შექმნაა, მომსახურება და ინფრასტრუქტურაა და ა.შ. ის პრიორიტეტები, რომელიც 10-წლიან გეგმაშიც გვქონდა წარმოდგენილი. ამის შედეგად დავიწყეთ ახალი ბაღების გაშენება, სადაც საჰექტრო მოსავლიანობა მნიშვნელოვნად დიდი იქნება, მაგალითისთვის გეტყვით, რომ ტრადიციულ ვაშლის ბაღში მოსავლიანობა შეიძლება მაქსიმუმ 20 ტონამდე იყოს, თანამედროვე ბაღებში, რომელიც „დანერგე მომავლის“ პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ ვაშლის 1 000 ჰა-ზე მეტი ბაღია გაშენებული და მათი საჰექტრო მოსავლიანობა 50-დან 60 ტონამდეა. ასეთი ბაღები მსხმოიარობაში უკვე შედის, ასე რომ მომავალ წლებში ჩვენ როგორც პროდუქტიულობა, ასევე საერთო მოსავალი გაგვეზრდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.