მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის სურსათი ძვირი? - "რითეილ ასოციაცია" პრემიერის განცხადებას ეხმაურება

63e24d27216f9
ვიქტორია მღებრიშვილი
07.02.23 17:31
1515
საქართველოს მთავრობაში ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების ჩართულობით სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელიც სურსათის 100%-იანი ფასნამატის საკითხის დარეგულირებას, თავდაპირველად საკითხის ღრმა მოკვლევით და ირაკლი ღარიბაშვილისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენით შეეცდება. ამის შესახებ 6 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. საკითხზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა იმპორტიორები გააკრიტიკა და თქვა, რომ „იმპორტიორების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია“.

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში პრემიერის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას - სურსათზე 100%-იანი ფასნამატის შესახებ ადასტურებენ და მაღალი ფასნამატის განმაპირობებელ ფაქტორებს ასახელებენ. მათ შორისაა ისიც, რომ სურსათზე მაღალი ფასნამატი რიტეილ სექტორში არსებული მაღალი გადასახადებიდან გამომდინარეობს.

BM.GE-მ პრემიერის განცხადების შეფასებისა და დეტალების გასარკვევად რიტეილ ასოციაციას მიმართა. ბიზნესგაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი სოფიო ქაშაკაშვილი აცხადებს, რომ პრემიერის განცხადება კონკრეტული მაგალითებით უნდა იყოს გამყარებული, თუმცა იმასაც ამბობს, რომ მარკეტებამდე პროდუქტი უკვე გაზრდილი ფასით მიდის.

- პირველ რიგში, გთხოვთ შეგვიფასოთ პრემიერ-მინისტრის მიერ 6 თებერვლის მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადება, რომ მოსახლეობას პროდუქტის შეძენა 100%-იანი ფასნამატით უწევთ. ეთანხმებით თუ არა ამ განცხადებას და რატომ?

ეს ინდივიდუალური საკითხია და ვფიქრობთ, ყველა კომპანიას სხვადასხვა სამარჟო პოლიტიკა აქვს. მსგავსი განცხადება კონკრეტული მაგალითებით უნდა იყოს გამყარებული. ერთი, რაც შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, საცალო ორგანიზებული ბაზრის სექტორში საშუალო მარჟა 25%-ია. ასევე, განვმარტავთ, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე რიტეილერების მხარეს კიდევ უფრო დაბალი მარჟაა, მარტივად იმიტომ, რომ ბაზარზე დიდი კონკურენციაა და შესაბამისად დიდი მარჟის ფუფუნება რიტეილერების მხარეს არ არის. ამრიგად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პრემიერის განცხადება რიტეილერებისკენ ნამდვილად არ იყო მომართული.

- პრემიერის განცხადება დაადასტურეს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში და პროდუქტის გაძვირების ფაქტორებიც დაასახელეს, რომელთაგან ერთ-ერთი რიტეილ სექტორში არსებული მაღალი გადასახადებია...

თუ ქსელური მარკეტების მაღალი მოთხოვნების გამოა ფასნამატი გაზრდილი, მაშინ არაქსელურ მარკეტებში, სადაც მოთხოვნები არ არის, რატომ არის ფასები კიდევ უფრო მაღალი ვიდრე ქსელურებში? ქსელური მარკეტები მაღალი კონკურენციის პირობებში ინარჩუნებენ ბაზარზე დაბალ ფასებს და რომ არა ქსელური მარკეტები, ფასები კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა. ამიტომ, გამომწვევი მიზეზი ცალსახად ეს ვერ იქნება. მარტივად შედარდეს იმპორტიორების/მოწოდებლების მარჟა და მოგების ნიშნული საცალო სექტორის იგივე მაჩვენებელს. პასუხი თვითონ რიცხვებშია. ისეთი დაბალი მარჟა და მოგება, როგორც საცალო სექტორშია, ნამდვილად არ არის მომწოდებლების და იმპორტიორების მხარეს, თუმცა განზოგადება არ იქნება სწორი და აუცილებლად ინდივიდუალურად შესაფასებელი საკითხია.

- თქვენ როგორ მიიჩნევთ - რით არის განპირობებული პროდუქტზე მაღალი ფასი?

ქსელურ მარკეტებამდე პროდუქტის ფასი უკვე გაზრდილი სახით მოდის, აღნიშნულს ბევრი ფაქტორი განაპირობებს და ბუნებრივია, თითოეული მომწოდებელი პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე მის ფასს ინდივიდუალურად განსაზღვრავს. ფასის გაძვირებას შესაძლოა ბევრი მიზეზი ჰქონდეს, თუმცა პროდუქტი ქსელურ მარკეტებში უკვე გაძვირებული ფასით შედის. შესაძლოა, ამის მიზეზი პროდუქტზე საერთაშორისო ფასი, საწვავის ფასი, ინდივიდუალურად განსაზღვრული მარჟა იყოს. რიტეილერების მხარეს ამ ბოლო დროს ამოქმედებული რეგულაციები საოპერაციო ხარჯებს აძვირებს. მომწოდებლებისგან განსხვავებით საოპერაციო ხარჯები რიტეილერებს უფრო მაღალი აქვს, რომელიც სწორედ იმ დაბალი მარჟით უნდა გადაიფაროს და გავიდეს მოგებაზე. წამყვანი ხარჯები რიტეილის მხარეს იჯარა, კომუნალურები, სახელფასო და სხვა ხარჯებია.

- ირაკლი ღარიბაშვილმა ისიც განაცხადა, რომ სურსათის ფასები უნდა დარეგულირდეს და ამისთვის სამინისტროები სამუშაო ჯგუფს შექმნიან. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ხელისუფლება ბიზნესის საქმიანობაში ზედმეტად ერევა, რითიც კეთილი მთავრობის და ხარბი ბიზნესის ხატს ქმნის?

მთავრობის მხრიდან ფასების რეგულირება პირდაპირ ბიზნესზე და თავისუფალ ბაზარზე ზეგავლენას ნიშნავს, რაც საქართველოში ჯანსაღ კონკურენციასაც და ბიზნესის განვითარებასაც საფრთხეს შეუქმნის. რა თქმა უნდა, არაკეთილსინდისიერი ქმედება სხვაგვარი მექანიზმებით უნდა კონტროლდებოდეს და არა რეგულაციით, რომელიც თავისუფალი ბაზრის პრინციპებს და ჯანსაღ კონკურენციას ეწინააღმდეგება.

- რამდენად საჭიროა დღეს ამ საკითხში მთავრობის ჩართულობა და თუ იყო უკვე კომუნიკაცია ხელისუფლების მხრიდან, რადგან ვიცე-პრემიერის განცხადებით პირველი შეხვედრები ამ კვირაში უნდა ჩანიშნულიყო?

მთავრობის მხრიდან ჩართულობა ნამდვილად საჭიროა, თუმცა სხვა მიმართულებებით, მაგალითად, 01 იანვრიდან ამოქმედდა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ახალი ჩამონათვალი, რომელშიც წლების განმავლობაში იყო განსაზღვრული საცალო ვაჭრობაც, თუმცა ახალ ჩამონათვალში აღარ მოიაზრება, სამაგიეროდ დისტრიბუცია კვლავ განსაზღვრულია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ რიტეილს გაცილებით უფრო მეტი ხარჯი აქვს, ვიდრე მომწოდებელს. აღნიშნული ჩამონათვალიდან რიტეილის ამოღება მნიშვნელოვან ხარჯების ზრდას გამოიწვევს, კერძოდ მთლიანად რითეილ სექტორისთვის სახელფასო ბიუჯეტი საშუალოდ 60 მილიონიდან 190 მილიონამდე გაიზრდება. ჩვენი ასოციაციის მხრიდან უკვე გაკეთდა განმარტება ჯანდაცვის სამინისტროს და შრომის ინსპექციის წარმომადგენლებთან და აუცილებლად მივმართავთ ამ თხოვნით მთავრობასაც, რომ ისევ განისაზღვროს საცალო ვაჭრობა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალში.

- დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციაში ამბობენ, რომ მთავრობამ დისტრიბუტორებსა და რიტეილერებს შორის დიალოგი უნდა აწარმოოს და ეს საკითხი ამ ფორმატში უნდა მოგვარდეს. თქვენ სად ხედავთ ფასების დარეგულირების გზებს და რა მექანიზმებს შესთავაზებთ მთავრობას?

ვფიქრობთ, რომ გარკვეული არაეთიკური ბიზნეს ქმედება უნდა იყოს აღმოჩენილი და აღმოფხვრილი. დიალოგი, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა კომერციული შეთანხმება ორ ბიზნეს სუბიექტს შორის დგება. კონკურენცია საცალო სექტორში ძალიან მაღალია და თვითონ ეს მაღალი კონკურენცია განაპირობებს ჯანსაღ გარემოს.