მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ აუკრძალა ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკებს სავალუტო სესხების გაცემა?

62da7006bed59
შოთა ტყეშელაშვილი
22.07.22 20:27
842
საქართველოს საფინანსო ბაზარზე უახლოეს მომავალში ახალი ტიპის ორგანიზაციები - მიკრობანკები გამოჩნდებიან. ეს ორგანიზაციები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და კომერციულ ბანკებს შორის გარდამავალ როლს შეასრულებენ.

მიკრობანკებისთვის საჭირო კანონმდებლობის შემუშავებაზე ეროვნული ბანკი მუშაობს, რომლის მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი კანონპროექტით მიკრობანკებს უცხოური ვალუტის სესხების გაცემა არ შეეძლებათ.

ამ ცვლილებას ნეგატიურად აფასებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის დამფუძნებელი გია პეტრიაშვილი, რომლის განცხადებითაც რეგულაცია ბანკებსა და მიკრობანკებს შორის კონკურენტულ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ BMG TV-ის ეთერში ისაუბრა იმ მიზეზების შესახებ, რომელთა გამოც მიკრობანკებს სავალუტო სესხების გაცემა აეკრძალათ. მისი თქმით, ამ ცვლილებით მიკრობანკების კლიენტებს სავალუტო რისკისგან დაიცავენ, რაც ევროს და დოლარის კრედიტებს ახლავს თან.

“დაკრედიტების ვალუტა იქნება მხოლოდ ლარში, გამომდინარე იქიდან, რომ მათმა კლიენტებმა არ აიღონ სავალუტო რისკი, ასევე გვექნება შეზღუდვა დეპოზიტების მიღებაზე და ლიმიტი იქნება მხოლოდ დეპოზიტების დაზღვევის ჩარჩოში მოქცეული, ანუ 15 ათას ლარამდე დეპოზიტები იქნება მიღებული,”- განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მიკრობანკების კანონმდებლობით დადგინდება აქტივების ლიმიტი, რასაც კონკრეტულმა მიკრობანკმა არ შეიძლება გადააჭარბობს. კერძოდ, კონკრეტული მიკრობანკის ზომამ საფინანსო სისტემის ზომის 2%-ს არ უნდა გადააჭარბოს, რაც ამჟამად დაახლოებით 800 მილიონ ლარს შეადგენს.

2022 წლის მდგომარეობით, საქართველოში სულ 38 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს. მთლიანობაში 2022 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, მისო-ების აქტივები 1.64 მილიარდი ლარია, ხოლო მათი საკრედიტო პორტფელი 1.39 მილიარდია. ამ სესხებს შორის 690 მილიონი ლარი სალომბარდე სესხებზე; 270 მილიონი სამომხმარებლო სესხებზე; ვაჭრობის დაფინანსების სესხებზე 228 მილიონი; სოფლის მეურნეობაზე კი 128 მილიონი ლარი მოდის.

2022 წელი მიკროსაფინანსო სექტორმა ჯამურად 28.5 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაიწყო.