მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ჭიანურდება ბათუმის გენგეგმის მომზადება?

645cae399e857
თათია ჩაფიჩაძე
14.05.23 15:30
935
ბათუმის მერიის მიერ გენგეგმის მომზადებისთვის გამოცხადებულ კონკურსში კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 2021 წლის ივლისში გაიმარჯვა. პირველადი გეგმის მიხედვით ქალაქს განაშენიანების გეგმა 1.5 წელში უნდა ჰქონოდა, თუმცა დოკუმენტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.  

რა ხდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 1.9 წლის თავზე? - ამ კითხვის საპასუხოდ „სითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რომ მუშაობა ჯერ მხოლოდ ხედვის ნაწილზე დასრულდა, რომლის შემდეგაც კონცეფციის და საბოლოო პროდუქტის შექმნა დაიწყება.

„ეს იმით არის გამოწვეული, რომ მონაცემების შეგროვება საკმაოდ რთულდება, რაც ობიექტური ფაქტორებია და გათვალისწინება სჭირდება. სამინისტროებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობებიდან ხდება რიგი ინფორმაციის მოგროვება. არ ვამბობ, რომ უყურადღებოდ რჩება, მაგრამ სჭირდება გარკვეული პერიოდები. როცა საჭირო მონაცემებს ვერ ვიღებთ, გარკვეული „მეცადინეობა“ გვიწევს, რომ რაღაცნაირად შევავსოთ. ამავე დროს არის რევიზიის პერიოდი, შემდეგ ხდება ხოლმე შენიშვნების მიღება. მე ჩემი ხედვა გავაკეთე, დამკვეთს აქვს თავისი ხედვა, რაც ასევე ბუნებრივი პროცესია", - ამბობს სალუქვაძე. 

კომპანიაში ადგილობრივ თვითმმართველობებთან არსებულ რაიმე ტიპის უთანხმოებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ პროცესები ობიექტური მიზეზების გამო გაჭიანურდა. აღსანიშნია, რომ მერიას „სითი ინსტიტუტთან“ ხელშეკრულება 2024 წლის აპრილამდე აქვს გაფორმებული. სალუქვაძე აცხადებს, რომ ბათუმის გენგეგმის დღის სინათლეს, სავარაუდოდ, სწორედ მომავალი წლის აპრილისთვის იხილავს.

"მონაცემთა შეგროვება დასრულებულია, ხედვის ნაწილიც უკვე სრულდება, 21-ში ვაბარებთ საბოლოო დოკუმენტს. მართლაც გაიწელა ცოტა დროში თუმცა, ეს იყო ტექნიკური საკითხები და არა დავა ერთმანეთს შორის, პირიქით კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ვიცით რომ ერთ საქმეს ვაკეთებთ და ორივეს მხრიდან არის ამის სურვილი. ახლა 15-ში მივდივარ ბათუმში და ჩვენ მიერ მომზადებული დოკუმენტის საჯარო განხილვები დაიწყება, ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ამაზე ეწყობა კონცეფცია და საბოლოო პროდუქტი.

შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო სწრაფად განვავითარებთ სამუშაო პროცესებს. ამას მერიაც კარგად ხვდება და როცა კონკრეტული პასუხები გვექნება კონკრეტულ ზონებთან და მშენებლობებთან დაკავშირებით ჩვენც ზონირების ეტაპზე გადავალთ. ზოგადი ზონირების „დრაფტის“ გაკეთებას ალბათ 5 თვე დასჭირდება და შემდეგ ქვეზონების შექმნა დაიწყება.

ხელშეკრულება 2024 წლის აპრილამდეგაფორმებულია, აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, ამ ვადაში ჩატევა უნდა მოვასწროთ. მთავარია,  ჩვენმა მხარემაც და მერიამაც პროცესები უფრო სწრაფად განვავითაროთ, რათა არსებული დანაკარდები ავინაზღაუროთ“, - განაცხადა „სითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა.