მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაადეფოლტა "საპარტნიორო ფონდმა" "ვანრიკ აგროს" წილი - საგანელიძე

5e679e06326d7
ვიქტორია მღებრიშვილი
10.03.20 23:10
1331
უახლოეს პერიოდში გამოცხადდება აუქციონი და ალბათ ზაფხულში გვეყოლება უკვე ახალი პარტნიორი, რომელთან ერთადაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მართლაც მიგდებულ პროექტს გავაგრძელებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „საპარტნიორი ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განუცხადა.

ფონდის ხელმძღვანელმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც „ვანრიკ აგროს“ პარტნიორის წილი ყველა წესის დაცვით დადეფოლტდა და კომპანიის ეს ნაწილი კვლავ გასასხვისებლად აუქციონზე იქნება გამოტანილი.

„ვანრიკ აგრო - ლურჯი მოცვის პლანტაციები, რომელიც ჩვენს ფონდს აქვს განხორცილებეული, არ ვიტყოდი რომ დადეფოლტდა, ან გაკოტრდა, ჩვენ დავადეფოლტეთ პარტნიორი და არა ჩვენი მონაწილეობა, თვითონ პროექტი ძალიან საინტერესოა.

მე არ მიყვარს პარტნიორებზე საუბარი, მაგრამ მინდა ვთქვა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყველა პროექტში ვართ პარტნიორთან ერთად, როდესაც მათგან მოდის ინიციატივა. ამ კონკრეტულ პროექტში ჩვენ ვნახეთ, რომ პარტნიორის მხრიდან იყო არასწორი ქმედება. კერძოდ - ის თანხები, რომლებიც იდებოდა "ვანრიკ აგროში" ჩვენ მიერ, მათ ჰქონდათ კიდევ იმავე ტერიტორიაზე სხვა კომპანია სამაცივრე დანადგარებისა და ტექნიკური მიმართულებით. ხარჯების დატოვება ხდებოდა "ვანრიკ აგროზე", ხოლო მოგების გადატანა იმ კომპანიაზე, შესაბამისად ის კომპანია დიდ მოგებაზე გადიოდა და ერთობლივი კომპანია კი, სადაც ჩვენ ვიყავით შესულები, სულ პრობლემებს აწყდებოდა.

ჩვენმა აუდიტორულმა სამსახურმა ამ პროექტის ძალიან დეტალური შესწავლა გააკეთა. ჩვენ იძულებული გავხდით რამდენიმე თვის განმავლობაში მართვა მთლიანად გადმოგვებარებინა, იმისთვის რომ დეტალურად შეგვესწავლა. ჩვენ ფინანსური და საოპერაციო ნაწილში დიდი დარღვევები გამოვავლინეთ, ამიტომ ჩვენ მისი წილი დავადეფოლტეთ და აუქციონზე გამოვიტანეთ. იმისთვის რომ არ დაზიანებულიყო 80 ჰა-ზე გაშენებული ეს ბაღები, ჩვენ გამოვაცხადეთ აუქციონი იჯარაზე, ანუ შემოვიდა კომპანია, რომელმაც იჯარით აიღო ბაღები, იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ მიმდინარეობდა მდგომაროების შესწავლა. აქედან გამომდინარე მოსავალსაც ეს კომპანია აიღებს“, - განაცხადა საგანელიძემ.

„საპარტნიორი ფონდის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში გამართულ აუქციონში ის კომპანიაც მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც იჯარით აქვს გადაცემული ბაღები, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინტერესი სხვა მხრიდან არ უნდა იყოს.

„უახლოეს პერიოდში გამოცხადდება აუქციონი და ალბათ ზაფხულში გვეყოლება უკვე ახალი პარტნიორი, რომელთან ერთადაც მე დარწმუნებული ვარ რომ ამ მართლაც მიგდებულ პროექტს გავაგრძელებთ. მინდა გითხრათ რომ ლურჯი მოცვი ძალიან მზარდი მოთხოვნის პროდუქტია. ჩვენი წარმოების ლურჯი მოცვი თითქმის 95% ექსპორტზე გადის.

არც ერთ კომპანიას თავში აზრად არ მოუვიდოდა იჯარით მისი აღება, თუ საბოლოო ინტერესი ბაღების სრული გამოსყიდვა არ იქნებოდა. ამიტომ მან განაცხადა სურვილი იჯარის ტენდერში მონაწილეობაზე, იმ ვალდებულებით რომ შემდგომში მიიღებდნენ მონაწილეობას მის საბოლოოდ გამოსყიდვაში. როგორც ვიცი ერთი მსურველი კიდევ არის, თუმცა იმედი მაქვს მსურველების რაოდენობა გაიზრდება“, - აღნიშნა საგანელიძემ.

ცნობისთვის, “საპარტნიორო ფონდმა” "ვანრიკ აგროში" ინვესტიცია 2015 წელს ჩადო. $6.7 მილიონის ინვესტიციით, ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში 70 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღები გაშენდა, ამასთანავე აშენდა მოცვის გადამამუშავებელი საწარმო. წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე გადიოდა. საპარტნიორო ფონდის განცხადებიდან ირკვევა, რომ Vanrik Agro-ს ფონდის მიმართ 4 მილიონ დოლარზე დიდი ვალდებულება აქვს.