მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დააფუძნა მთავრობამ ახალი სახელმწიფო საწარმო "მოსავლის მართვის კომპანია"?

5f6de82b19d5b
შოთა ტყეშელაშვილი
25.09.20 17:30
2090
2020 წლის რთველის სუბსიდირების პროცესში ახალი სახელმწიფო საწარმო - შპს "მოსავლის მართვის კომპანია" ჩაერთვება, რომელიც მევენახეებისგან პირდაპირი კონტრაქტების საშუალებით 15 მილიონი ლარის ღირებულების ყურძენს შეიძენს. კომპანია 2020 წლის 4 აგვისტოს არის რეგისტრირებული და მის განმკარგავი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა. 

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში BMG-ის განუცხადეს, რომ ახალი კომპანიის დაფუძნების საჭიროება წარმოიშვა მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში დადგა კახეთში, სოფელ აკურაში მდებარე ღვინის ქარხნის ძველი მესაკუთრისთვის დაბრუნების საკითხი. სს "აკურას" მთავრობა გასული 16 წლის განმავლობაში განკარგავდა. 

"შპს „აკურა“, რომელიც დღეს სახელმწიფო საკუთრებაშია, წლების წინ, უკანონოდ ჩამოერთვა კერძო მესაკუთრეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომპანიის კანონიერი მესაკუთრისთვის გადაცემის პროცესი, რითაც აღდგება სამართლიანობა. კომპანიას მესაკუთრე იმ აქტივებით დაიბრუნებს, რომელიც ჩამორთმევამდე ჰქონდა. აღნიშნული პროცესის გათვალისწინებით, 2020 წლის 4 აგვისტოს დაფუძნდა „მოსავლის მართვის კომპანია“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა და რომელსაც შპს „აკურას“ ბოლო წლებში გაზრდილი აქტივები გადაეცემა.

„მოსავლის მართვის კომპანია“, საჭიროების შემთხვევაში, „აკურას“ მსგავსად ჩაერთვება რთველის დროს მოსავლის დაბინავების პროცესში", - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ BMG-ისთვის გაკეთებულ წერილობით განმარტებაში. 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას კომპანია “აკურას” მეშვეობით ახდენდა. “აკურას” გავლით სახელმწიფო მევენახეებისგან პირდაპირი შესყიდვის გზით ყიდულობდა ყურძენს, რის შემდეგაც კომპანია სპირტსა და ღვინო მასალას აწარმოება.

"აკურას" მეშვეობით სახელმწიფომ 2016 წელს 35 მილიონი ლარის ყურძენი, 2017 წელს 40 მილიონი ლარის ყურძენი, 2018 წელსაც 40 მილიონი ლარის ყურძენი, 2019 წელს კი 80 მილიონ ლარამდე მოცულობის ყურძენი შეისყიდა. 2020 წლის რთველში კი სახელმწიფო გამარტივებული წესით კომპანიის მეშვეობით დამატებით 35 მილიონი ლარის მოცულობის ყურძნის შესყიდვას გეგმავს. ამასთანავე, ყურძნის შესყიდვა ახალ დაფუძნებული კომპანიის შპს "მოსავლის მართვის კომპანიის" მიერაც მოხდება, რომელიც 15 მლნ ლარის ყურძენს შეისყიდის. 

BMG-სთან საუბარში ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ამბობს, რომ 35 მილიონი ლარის ყურძენი, რომელსაც "აკურა" სახელმწიფო დაფინანსებით შეიძენს, ასევე, "მოსავლის მართვის კომპანიის" საკუთრებაში გადავა.