მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაგვიანდა გრიპის ვაქცინის შემოტანა? – "ჯიპისის" და ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებები

5dd3e78065e46
თათია ჩაფიჩაძე
20.11.19 09:00
1544
კომერციულ სექტორში გრიპის ვაქცინა ამ დრომდე არ შემოუტანიათ. ვაქცინის შემომტან კომპანია „ჯიპისიში“ კი აცხადებენ, რომ დაგვიანების მიზეზი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან 2019-2020 წლის გრიპის ვირუსის საპროგნოზო შტამების დადგენის ვადების დაგვიანება გახდა (თებერვლის ნაცვლად აპრილში), რის გამოც წარმოების პროცესმა და მიწოდების ვადებმა გადაიწია, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მწარმოებელი კომპანიები ჯერ სახელმწიფო დაკვეთებს ახორციელებენ და შემდგომში გადადიან კომერციულ შეკვეთებზე, დაგვიანება მათი მტკიცებით, ყველა ქვეყნის კომერციულ შეკვეთებს შეეხო.

„ჯიპისის“ ოფიციალურ განმარტებაში, რომელიც bm.ge-მ მიიღო, წერია, რომ 10 ათასი ვაქცინის შემოსვლას კომპანია 25-26 ნოემბერს ელოდება, თუმცა რა იქნება მისი ღირებულება ამ დროისთვის უცნობია.

გრიპის ვაქცინის შემოტანის თარიღად სექტემბრის ბოლო, ოქტომბრის დასაწყისი იყო დასახელებული. დათქმულ ვადაზე გვიან, 29 ოქტომბერს მოახერხა სახელმწიფომ 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინის შემოტანა, რომელიც ამ დროისთვის რეგიონებში უკვე განაწილებულია.

შესაბამისი გეგმის მიხედვით, პირველ რიგში, მაღალი რისკის მქონე ადამიანები იცრებიან, რომელთა შორის არიან ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, მოხუცთა თავშესაფარში მყოფი მოხუცები, დიაბეტიანი ბავშვები, ორსული ქალები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის მქონე პირები. ასევე რისკჯგუფებში შედიან სამედიცინო მუშაკები.

თემაზე მუშაობისას, bm.ge ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესაც ესაუბრა. თამარ გაბუნია ირწმუნება, რომ ვაქცინის შემოტანა არ დაგვიანებულა და ამ მიზეზით რაიმე ტიპის ეპიდემია ქვეყანაში მოსალოდნელი არ არის.

„ოქტომბრიდან თებერვლის ჩათვლით ვაქცინაცია ყოველთვის შეიძლება შესრულდეს, არასდროს არ არის გვიან. ამჟამად აქტიურად ხორციელდება აცრები მაღალი რისკის ჯგუფებსითვის იმ ვაქცინით, რომელიც შემოიტანა სახელმწიფომ, ასევე ველდოებით კომერციული გზით ვაქცინების დამატებას. სტრატეგიული მარაგებიც გვაქვს იმისთვის რომ თუ მოიმატებს შემთხვევების რაოდენობა, მერე კიდევ ახალი ტალღა დავიწყოთ ვაქციანციის. ხაზს ვუსვამ არ არის საუბარი რაღაც მომენტის გაშვებაზე და იმაზე, რომ ახლა თუ ჩატარდა ვეღარ დაგვიცავს”, - განაცხადა „საქმიან დილასთან“ საუბრისას გაბუნიამ.

ამ დროისთვის ქვეყანაში გრიპის ერთეული შემთხვევები უკვე დაფიქსირდა. ექიმები ამბობენ, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრების გაკეთება ოქტომბრიდანაა რეკომენდირებული, შესაბამისად, პროცესი უკვე გვიანდება, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა აცრის გაკეთებიდან მის ამოქმედებამდე პერიოდი 2 კვირაა. მიუხედავად ამისა, სამედიცინო დაწესებულებებში აცხადებენ, რომ გაზაფხულამდე პერიოდში ვაქცინის გაკეთება გრიპის ვირუსებთან საბრძლოლველად უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.