მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაიგვიანა „ფაიზერმა“? - ჯანდაცვის უწყება კრიტიკას პასუხობს და განმარტებას აკეთებს

603cc4c148a08
ინგა მურუსიძე
01.03.21 15:00
706
საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოსვლას ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებიდან ელის, მაგრამ ამ დრომდე ქვეყანაში covid-ვაქცინა არ შემოსულა, შესაბამისად, ვერც ვაქცინაცია დაიწყო. თან ეს იმ ფონზე, როცა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს დამტკიცდა და მას შემდეგ, მთავრობა ირწმუნება, რომ საქართველო ვაქცინის მისაღებად ყველა პირობას აკმაყოფილებს, მათ შორის - ცივი ჯაჭვის პირობებს. დღეს კი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებაში covid-ვაქცინაციის თემაზე ბრიფინგი გამართა, რომელზეც ვაქცინის პირველი დოზების მიღების დაგვიანების მიზეზები კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნული კოვაქს-პლატფორმის ახალი/დამატებითი პირობებით ახსნა.

„მე ვფიქრობ, რომ მარტის ბოლოდან შეგვეძლება, ვაქცინაცია დავიწყოთ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, შესაძლოა „ფაიზერმაც“ მოგვისწროს მანამდე და აპრილში უფრო გაიშლება, რადგან დამატებით დოზებს მივიღებთ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვაქცინაციასთან დაკავშირებულ კრიტიკას ვრცლად პასუხობს და აცხადებს, რომ შუალედური კომუნიკაციების დროს, მაშინ, როცა საქართველო უკვე „კოვაქსისგან“ ელოდა ვაქცინის შემოსვლას, მიიღო წერილი, რომ „ფაიზერის“ მიერ დადგენილია დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც არანაირად არ უკავშირდება საქართველოს ტექნიკურ მზაობას ვაქცინის მისაღებად და დაკავშირებულია პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან, რომლის დეტალები „კოვაქსს“ ქართული მხარისთვის აქამდე არ შეუტყობინებია.

თამარ გაბუნია ირწმუნება, რომ "კოვაქსიდან" მიღებული წერილის მიხედვით, ახალ დეტალებზე სასაუბროდ უნდა ჩაინიშნოს სატელეფონო კონსულტაცია, რასაც საქართველო ამ დრომდე ელის.

„ჩვენ დღესაც ველოდებით „კოვაქსისგან“ და „ფაიზერისგან“ სატელეფონო ზარის ზუსტდ თარიღს, სადაც უკვე საბოლოოდ შევთანხმდებით იმაზე, რომ შევასრულებთ პირობებს, რომელიც მათ ჩამოაყალიბეს. „ფაიზერთან“ მიმართებაში, ქართული მხრიდან შეფერხება არ ყოფილა არც ერთი წუთი და როგორც კი ჩვენ გვექნება საბოლოო დასტური, ქართული მხარე ამ ნაწილს დახურავს და მოლაპარაკების ფინანსურ ნაწილზე გადავა, რაც ნიშნავს თანხის გადახდას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, როგორც მინისტრის მოადგილე ირწმუნება, საქართველო მას კოვაქს-პლატფორმის ფარგლებში, UNICEFის საშუალებით ყიდულობს და კვირის ბოლოს უკვე ვაქცინის პირველი დოზების თანხა გადაირიცხება.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი პირველი დოზებისთვის გადაიხდის კვირის ბოლომდე თანხას და ვაქცინა ეტაპობრივად შემოვა ქვეყანაში. მოწოდების თარიღი კიდევ დაზუსტდება, რადგან ამაზე მიმდინარეობს მუშაობა“, - აღნიშნა გაბუნიამ.

რაც შეეხება „კოვაქს პლატფორმის" მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციას, რომ საქართველომ ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველო ამაზე „კოვაქსისგან“ განმარტებას ითხოვს, რადგან თავად სამინისტროსთვის გაგზავნილ არც ერთ წერილში ქვეყნის მზაობაზე მათგან შენიშვნა არ ყოფილა. „კოვაქსი“ გააკეთებს განმარტებას იმაზე, თუ რატომ მოხდა ინფორმაციის ამგვარი ინტერპრეტირება", - დასძინა მან.

მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზეც, თითქოს ქართულმა მხარემ შესაბამისი დოკუმენტაცია სწროად ვერ შეავსო. „ძალიან უხერხულია იმაზე საუბარი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აპლიკაციას სწორად ვერ ავსებს", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.