მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაიხურა სავალუტო ჯიხურები - ინტერვიუ სებ-ის წარმომადგენელთან

5e83678c6f039
შოთა ტყეშელაშვილი
31.03.20 21:40
3902
დღეიდან საქართველოში COVID-19-ის ეპიდემიის გამო, სავალუტო ჯიხურების საქმიანობა დროებით შეიზღუდა. ამ პუნქტების ნაცვლად, მოქალაქეები ვალუტის კონვერტაციას მისო-ებსა და ბანკებში ახდენენ.

გადაცემა “საქმის კურსთან” ინტერვიუში სავალუტო ჯიხურების დროებით დახურვის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლაშა გზირიშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ ცვლილების მიზანს ქვეყანაში სოციალური დისტანცირების პოლიტიკის ხელშეწყობა წარმოადგენს.

“როგორც დღევანდელ განცხადებაში იყო მითითებული, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები დროებით აჩერებენ ფუნქციონირებას, რაც საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ან მთავრობის შემდგომ დადგენილებამდე გაგრძელდება. თუმცა, მომხმარებლებს შეეძლებათ, რომ იგივე მომსახურება რასაც სავალუტო პუნქტებისგან იღებდნენ, მიიღონ ან კომერციულ ბანკებში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, ასევე დისტანციურადაც.

მთავარი მიზანი არის, რომ სოციალური დისტანცირება მოვახდინოთ, შემცირდეს ხალხის ნაკადები. მოგეხსენებათ, რომ არაორდინალურ სიტუაციაში არის ზოგადად მსოფლიო, არამხოლოდ საქართველო და მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას,”- "საქმის კურსთან" საუბარში ამბობს ლაშა გზირიშვილი და მოქალაქეებს ფინანსური ოპერაციების დისტანციურად განხორციელებისკენ მოუწოდებს.

ინტერვიუ ლაშა გზირიშვილთან - "საქმის კურსი"