მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაიხურა ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფო? - ინტერვიუ ტიკარაძის მოადგილესთან

5f10387711b9b
შოთა ტყეშელაშვილი
16.07.20 18:00
1505
ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფო, ანუ “უნივერსალური სამედცინო ცენტრი” დაიხურა. ყოფილ კლინიკაში დასაქმებული 225 ადამიანი, მათ შორის 150 მედიკოსი სამსახურიდან არის დათხოვნილი. მათ ჯანდაცვის სამინისტრო 2-თვიან კომპენსაციას გადაუხდის.

“უნივერსალური სამედიცინო ცენტრი” ჯანდაცვის სამინისტროს მართვაში მარტში გადავიდა, იქამდე კლინიკა ასევე სახელმწიფოს ხელში იყო და ის “საპარტნიორო ფონდის” შვილობილ კომპანიას, “კლინიკების განვითარების კომპანიას” ეკუთვნოდა.

პანდემიის პირობებში სამედიცინო ცენტრის დახურვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით BMG ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს გიორგი წოწკოლაურს ესაუბრა. წოწკოლაური ამბობს, რომ კლინიკის ინფრასტრუქტურა ამორტიზებული იყო, რის გამოც სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საავადმყოფოს საქმიანობა შეეჩერებინა. თუმცა, ამ ეტაპზე ვერ კონკრეტდება თუ რამდენი ხანი შეიძლება დასჭირდეს კლინიკის რეაბილიტაციას.

გიორგი წოწკოლაური ასევე ამბობს, რომ კლინიკა ფინანსურ კრიზისშიც იყო და მას მედიკოსთა სახელფასო დავალიანებები ჰქონდა.

“როდესაც მარტში გადმოგვეცა კლინიკა მართვაში, ვნახეთ რომ იყო ძალიან მწვავე ფინანსური კრიზისი, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ამორტიზებული იყო ინფრასტრუქტურა. ამიტომ სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჰოლდინგის განვითარების პირველივე ეტაპზე მომხდარიყო ცენტრის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა. შემდგომ ეს ცენტრი ფუნქციონირებას გააგრძელებს, როგორც მულტი-პროფილური კლინიკა. აქედან გამომდინარე თანამშრომლებთან გაფორმდა ინდივიდუალური მემორანდუმები, რომლის საფუძველზეც მათ გაუსტუმრდათ დავალიანებები რაც ჰქონდა კომპანიას, ასევე მათ მიეცათ ორთვიანი კომპენსაციები და მემორანდუმის თანახმად, როგორც კი კლინიკა აღიჭურვება და განახლდება, მაშინვე, ყველა ყოფილი თანამშრომლის უპირობო აღდგენა მოხდება. რაც შეეხება კლინიკის განვითარებას, ამ ეტაპზე კეთდება შენობის მდგრადობის შესახებ დასკვნა რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერები და დაიწყება სამუშაოები, რათა მოხდეს აღჭურვა და აღდგენა.

რაც შეეხება სახელფასო დავალიანებას და ორთვიან კომპენსაციებს, მისი მოცულობა 2-2.5 მილიონი ლარის ფარგლებშია,”- ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური.

სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების შესახებ კითხვაზე გიორგი წოწკოლაური პასუხობს, რომ კლინიკაში მომუშავე სამედიცინო პერსონალის დაახლოებით 80% ამავდროულად, სხვა კლინიკაშიც მუშაობდა, ხოლო იმ მედიკოსებს, რომელთა ერთადერთი სამსახურიც “უნივერსალური სამედიცინო ცენტრი” იყო სამინისტრო სხვა კლინიკებში დასაქმებისთვის გაუწევს რეკომენდაციას.

“მე მათ როდესაც შევხდვი, ვთხოვე რომ სია გაეკეთებინათ იმ ადამიანების, სადაც იქნებოდა წარმოდგენილი სამედიცინო პერსონალში, ვინც მხოლოდ აქ იყო დასაქმებული. მე ვუთხარი, რომ იმ ეტაპამდე, რა ეტაპამდეც მოხდება გადაიარაღება ამ კლინიკის, რომ დავეხმარებოდი რეკომენდაციის კუთხით ნებისმიერ ჩვენ ყოფილ თანამშრომელს,”- BMG-სთან საუბარში განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის დასაწყისში შეიქმნა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგი, რომელშიც პირველ ეტაპზე, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უნივერსალურ სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური) და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო შევიდნენ. თებერვალში ეკატერინე ტიკარაძემ ახალი სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელად “აეროპორტების გაერთიანების” ყოფილი დირექტორი, გიორგი ჩოგივაძე წარადგინა.