13.ნოემბერი .2019 09:45

რატომ დასჭირდა მთავრობას White & Case-თან ახალი $129,800-იანი კონტრაქტი? - სააგენტოს პასუხი

views 427
უკან

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო იურიდიული კომპანია White & Case-ი დაიქირავა. უცხოელმა იურისტებმა მთავრობისთვის უნდა მოამზადონ სამართლებრივი შეფასება იმ წინადადებებზე, რომლებსაც მთავრობას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი წარუდგენს. შესაბამისი სამუშაოს შესრულებისთვის ორგანიზაციას ვადა 2019 წლის 20 დეკემბრამდე აქვს მიცემული.

BM.Ge აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული “ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტოს” ხელმძღვანელი დავით ჯავახაძეს ესაუბრა. მისი თქმით, White & Case-სთან არსებულ წინა კონტრაქტს ვადა გაუვიდა, რის გამოც ახალი $129,800-იანი ხელშეკრულების გაფორმება დადგა დღის წესრიგში. 

"პირველ ხელშეკრულებას White & Case-სთან ვადა ამოეწურა. ვინაიდან პროექტს ვაგრძელებთ, აქედან გამომდინარე, კომპანიასაც, რომელიც ჩვენთვის არის ძირითადი იურიდიული მომსახურების მომწოდებელი, გაუხანგრძლივდა ანალოგიურად კონტრაქტი. ეს კონტრაქტი იმოქმედებს წლის ბოლომდე. მიზანი საინვესტიციო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით საკონსულტაციო მომსახურების მიღებაა. 20 დეკემბრის ვადა არის დაკავშირებული ფინანსურ ვალდებულებებთან. 20 დეკემბრის შემდეგ ხაზინა წყვეტს გადარიცხვებს ანუ ასე ვთქვათ ფინანსური წელი იხურება 20 დეკემბერს, აქედან გამომდინარე კონტრაქტის ეს მუხლი მიბმულია ფინანსური წლის დახურვასთან,"- ამბობს ჯავახაძე. 

დავით ჯავახაძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს სხვა კონსულტანტებიც ჰყავს დაქირავებული, მათ შორისაა როტერდამის პორტის საკონსულტაციო კომპანიაც, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ წარდგენილი საინჟინრო და ტექნიკური მიმართულებების საკითხების შეფასებას ახდენს.  

დავით ჯავახაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მისი სამსახური კონსორციუმის მიერ ახალი ინვესტორი კომპანიის ოფიციალურ წარდგენას ელის.

"ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით ახალი ინვესტორის შემოსვლას, პროექტში. მოგეხსენებათ, ამასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა. ამ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ანაკლიას ჯერ არ წარმოუდგენია ახალი ინვესტორი, რომელთანაც ის აწარმოებს მოლაპარაკებებს", - ამბობს ჯავახაძე. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ერთ-ერთი ინვესტორი ამერიკული საინვესტიციო ფონდი Cerberus-ი შეიძლება გახდეს. დავით ჯავახაძე ამბობს, რომ ის აღნიშნულ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს - "ჩვენთვის ეს კომპანია ნამდვილად ცნობილია, თუმცა ამის დადასტურების უფლება ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს".

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ვადას 2018 წლის 31 დეკემბრამდე აძლევს. თუ აღნიშნული ვალდებულებები არ იქნება შესრულებული, ვიცე-პრემიერის თქმით, მთავრობა კონსორციუმთან 2016 წელს დადებულ შეთანხმებას, სავარაუდოდ, გაწყვეტს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა