მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დატოვა დავით წიკლაურმა საინვესტიციო საბჭო - ინტერვიუ

5e85dfda55c6a
თელარა გელანტია, შოთა ტყეშელაშვილი
02.04.20 17:37
1951
სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრმა დავით წიკლაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ BMG-სთან ისაუბრა. წიკლაურის თქმით, ის საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს. ამასთან, დავით წიკლაური აღნიშნავს, რომ მას კანონის მიხედვით საინვესტიციო საბჭოს წევრობის პარალელურად, სხვა თანამდებობის დაკავება არ ეკრძალება, თუმცა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კითხვების თავიდან არიდების მიზნით, საჭიროდ ჩათვალა ამ გადაწყვეტილების მიღება.

- როდესაც ხუთი წლის ვადით გამტკიცებთ პარლამენტი, არ ფიქრობთ, რომ უფრო წონიანი არგუმენტია საჭირო, როცა 10 თვეში ტოვებთ პოსტს, ვიდრე კერძო სექტორში დაბრუნება?

- მე, იქ, სადაც მივდივარ, პარალელურად საინვესტიცო საბჭოს ბორდში ყოფნა არ მეკრძალება და რომ გაიგებთ, სადაც მივდივარ, თქვენც მიხვდებით, მაგრამ იმის გამო, რომ ასეთი აურზაური ტყდება ხოლმე, თუნდაც იივე დეპოზიტებზე რაც მოხდა, არიქა დაიკარგა ჩვენი ფულიო... რომ არ მოხდეს მსგავი რაღაცეები სამომავლოდ, ამას ჰქვია პოტენციური ინტერესთა კონფლიქტისგან თავის არიდება, ზუსტად მაგიტომაც მივდივარ…”

-  არჩევანი ამის გამო გააკეთეთ კერძო სექტორზე?

- არჩევანი გავაკეთე იმაზე, რომ ინტერესთა კონფლიქტზე ვინმემ კითხვა არ დასვას ანუ რომ დავრჩენილიყავი, არ იყო ინტერესთა კონფლიქტი, მაგრამ ვტოვებ ამ პოზიციას, რომ ვიღაცას კითხვა რომ ექნება, იგივე აურზაური არ ატეხოს.

შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო ხუთი წევრისგან შედგება, ამ დროისთვის საბჭოს ოლივიე რუსო უძღვება. მისი წევრები კი არიან - ჟან-ფრედერიკ პოლსენი; ტიმო ვიჰერკენტა და მაიკლ რიდლი. საინვესტიციო საბჭოს წევრები საკუთარი უფლება-მოვალეობების შესრულებას 2019 წლის ივნისში შეუდგნენ. აღსანიშნავია, რომ საბჭოს სრულყოფილი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი ამ დრომდე არ შეუმუშავებია. bm.ge-ის ინფორმაციით ის საბჭომ მოამზადა და ახლა ეროვნულ ბანკშია განსახილველად გაგზავნილი.

COVID-19-ის პანდემიისგან შექმნილი კრიზისის გამო, სახელმწიფოს არაერთი კვლევითი ორგანიზაცია და ბიზნესმენი მოუწოდებს დროებით საპენსიო შენატანების შეჩერებისკენ, პოლიტიკურმა პარტიებმა კი, ამ სახსრების უკან დაბრუნების მოთხოვნის შესახებაც გააკეთეს განცხადება. BMG-ის კითხვაზე თუ რას ფიქრობს ამ მოწოდებებთან დაკავშირებით დავით წიკლაური პასუხობს, რომ ის საპენსიო ფონდში უკვე აკუმულირებული თანხის მოქაალქეებისთვის უკან დაბრუნებას არ ეთანხმება.

“ახალგაზრდა, რომელიც შეურეთდება საპენსიო ფონდს, მისი ცხოვრების განმავლობაში მსგავსი კრიზისი შეიძლება მოხდეს 3,4, 5 და ყოველ კრიზისზე ეს თანხა თუ უკან ვაბრუნეთ, მაშინ აზრს კარგავს, თვითონ საპენსიო ფონდის ცნება.  შეჩერებას რაც შეეხება, არ ვიცი, რადგან მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ ინფორმაციას ახლა არ ვფლობ და პროგნოზს ვერ გავაეთებ,” - ამბობს დავით წიკლაური.

2020 წლის აპრილის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის ზომა 670 მილიონ ლარს შეადგენს.