მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დატოვა შოთა შალელაშვილმა პარლამენტი? - ყოფილი დეპუტატი მიზეზებს ასახელებს

63d2c35776351
ლიკა მეგუთნიშვილი
26.01.23 22:35
750
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ბიზნესმენი შოთა შალელაშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტის დატოვების მიზეზებზე პირველად "ForbesTalk"-ში ალაპარაკდა.

ყოფილი დეპუტატის თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მან სადეპუტატო მანდატი დათმო იყო ის დამოკიდებულება, რაც მმართველი გუნდის წევრების მხრიდან მის მიმართ ჩამოყალიბდა.

როგორც შალელაშვილი ამბობს, ურთიერთობა მას შემდეგ გართულდა, რაც პარტიის ზოგიერთ წევრსა თუ გატარებულ რეფორმაზე კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა. გარდა ამისა, ყოფილი პარლამენტარი აღნიშნავს, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ფუნქციები არასწორად იყო გადანაწილებული და იქ მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობას მისივე უმცირესობა მართავდა.

„ქართული ოცნების მრეწველების ფრაქციაში გამამწესეს და ფაქტობრივად დაივიწყეს ჩემი არსებობა. თუმცა, რა თქმა უნდა მათ ამის საშუალებას არ ვაძლევდი. ყველა რეფორმებზე, რაც გაატარა კვირიკაშვილი-ქუმსიშვილის გუნდმა, დადასტურებული და არგუმენტირებული მოსაზრება მქონდა. ეს ხედვა არა კრიტიკული, არამედ ობიექტური იყო, თუმცა უმრავლესობაში ამას აზრი არ აქვს. მქონდა საკანონმდებლო ინიციატივებიც, თუმცა როდესაც რამდენიმე კრიტიკული მოსაზრება დავაფიქსირე ჩვენი გუნდის მიმართ, რაღაც გაუგებრობაში მოვხვდი და ჩემს პარლამენტში დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა. ჩემს გუნდთან საერთო ენა ვერ გამოვნახე და ამიტომ, იძულებული გავხდი საქართველოს პარლამენტი დამეტოვებინა“, - აცხადებს შალელაშვილი.

როგორც შოთა შალელაშვილი აცხადებს, ის თანაგუნდელებმა ოპოზიციონერად მაშინ მოიხსენიეს, როდესაც მან ირაკლი კობახიძის შესახებ კრიტიკული განცხადებების გაკეთება დაიწყო. ქართული ოცნების ამჟამინდელ თავმჯდომარესა და ყოფილ პარლამენტარს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამძაფრდა, რაც შალელაშვილმა ქართულ-ებრაულ საპარლამენტო ჯგუფში ჩართვა ითხოვა.

„ოპოზიციონერად მიმიჩნიეს, რადგან მე მქონდა კრიტიკული აზრი ირაკლი კობახიძის შესახებ და ვიწუნებდი მის მმართველობას. მარტივად გეტყვით, პარლამენტში არის ასეთი “მეგობრების” ჯგუფები”. მე როდესაც პარლამენტში შევედი ვითხოვე, რომ როგორც ებრაულად მოსაუბრე ისრაელის მოქალაქისთვის, ეს მეგობრობის ჯგუფი ჩემთვის გადმოეცათ. ეს ვთხოვე ირაკლი კობახიძეს და პასუხი არ ყოფილა. ამ ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი იყო, მას ექვსი მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელობა ჰქონდა შეთავსებული. ისრაელი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი კი, კლასიკური კორუფციის მაგალითია“, - განაცხადა შოთა შალელაშვილმა.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ქართული ოცნების მმართველობა შოთა შალელაშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ის რეფორმებია, რომელიც მმართველ გუნდს დროულად არ განუხორციელებელია. ეკონომიკური და ფინანსური რეფორმების გატარების აუცილებლობასთან ერთად, ყოფილი პარლამენტარისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა მართლმსაჯულების რეფორმას ჰქონდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მმართველ გუნდს ქვეყანაში ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად სამართლებრივი უზრუნველყოფისთვის არაფერი გაუკეთებია.

„გაჯანსაღებული ინსტიტუციები ქმნის პირობებს ინვესტიციებისა და ბიზნესის განვითარებისათვის. ქართული მართლმსაჯულება კი, რომელიც დღეს სააკაშვილს ასამართლებს და სააკაშვილის დროსაც ასამართლებდა - არ იწვევს ჩემში ნდობას და არც საერთაშორისო ინვესტორებში. გვაქვს დღეს ჩვენ იმის განცდა, რომ ამ ქვეყანაში დაცულები ვართ? - მე ვფიქრობ, არა“, - განაცხადა ყოფილმა პარლამენტის დეპუტატმა.

ცნობისთვის, შოთა შალელაშვილი პარლამენტის წევრის თანამდებობას ფრაქცია “ქართული ოცნებიდან” 2016-2019 წლებში იკავებდა. პარლამენტარის მანდატი კი, პირადი განცხადების საფუძველზე, ოფიციალურად 2019 წლის 1 ოქტომბერს დატოვა. შალელაშვილი სხვადასხვა დროს საფინანსო, საბანკო, თუ დეველოპერულ ბიზნესში ასევე, საბითუმო ვაჭრობასა და კვების მრეწველობაში საქმიანობდა. თუმცა, BMG-სა და "ფორბსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ბიზნესი მისი ინტერესის სფეროს აღარ წარმოადგენს.