მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაუგროვდათ სსიპ-ებს 422 მლნ ლარის ნაშთი ბანკებში? - ფინანსთა სამინისტროს პასუხი

60d1ee17ee12d
თელარა გელანტია
22.06.21 19:30
849
საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებს კომერციულ ბანკებში მილიონობით ლარის დეპოზიტები აქვთ განთავსებული. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის ბოლოსთვის ამ თანხის მოცულობა 422 მილიონ ლარს შეადგენდა, რასაც აუდიტის სამსახური პრობლემურად მიიჩნევს.

“სსიპ/ა(ა)იპ-ების მიერ მობილიზებული საკუთარი შემოსავლებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულოდ მისამართი თანხების მიუხედავად, მათ მფლობელობაში რჩება ჭარბი ოდენობის ფულადი რესურსი, რაც ნაშთის სახით განთავსებულია კომერციული ბანკების დეპოზიტებზე,” - ნათქვამია აუდიტის სამსახურის შეფასებაში.

BMG-იმ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს დაუსვა კითხვა თუ რატომ ხდება სსიპ-ების მიერ ბანკებში დეპოზიტებზე ჭარბი ფულის დაგროვება. კაკაურიძის განმარტებით, ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს; კონკრეტულ შემთხვევებში კი დეპოზიტებზე არსებული თანხის ცენტრალურ ბიუჯეტში გადარიცხვა ვერ მოხდება, რადგანაც ეს თანხები უშუალოდ კონკრეტული პროექტების დაფინანსებაზე არის მიბმული.

“ნაშთი და თავისუფალი ფული ორი განსხვავებული ტერმინია. შეიძლება იყოს ნაშთი, მაგრამ არ იყოს თავისუფალი ფული და მისი გამოყენება სხვა მიმართულებით ვერ ხდებოდეს. მაგალითვისთვის, სააგენტოს - “აწარმოე საქართველოში” რაც უდევს, ეს არის დაახლოებით, 50 მილიონი ლარი, გასულ წელსაა დაგროვილი და ეს სრულად არის იმ საკრედიტო-საგარანტიო სისტემის ნაწილი, რომელიც სხვა მიზნობრიობით ვერ იქნება გამოყენებული. კონკრეტული ვადიანობით არის გარანტია გაცემული და იმ დროის განმავლობაში იქნება ეს თანხა დეპოზიტზე. მას წელსაც დაემატება გარკვეული თანხა ამ პროგრამის ფარგლებში და სანამ არ დასრულდება სესხი, რომლის გარანტიადაც გაიცა ის, ეს თანხა იდება დეპოზიტზე.

ასევე აღსრულების ეროვნულ ბიუროს აქვს განთავსებული დეპოზიტზე გარკვეული თანხა, თუმცა ეს არის საკმაოდ მცირე მოცულობის და ის იუსტიციის სახლების მშენებლობას ახმარს ამ თანხას.

რაც შეეხება მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომელსაც ასევე ბანკებში დეპოზიტზე უდევს ფული, ეს არის თანხები, რომლებიც სხვადასხვა პროექტის ფარგლებშია და ხდება ფონდის მიერ სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის თანხის გადასესხება. მაგალითისთვის, წელს ის ახალი პროგრამა, (განახლებული რეგიონები) რომელიც დაანონსდა, 130 მილიონის ფარგლებშია და სწორედ ამ დეპოზიტებიდან ფინანსდება.

ასევე, დეპოზიტებზეა განთავსებული Log-In Georgia-ს პროექტისთვის დონორების თანხა და ისიც მხოლოდ ამ მიზნობრიობით უნდა მიიმართოს", - განმარტავს გიორგი კაკაურიძე.