12.სექტემბერი .2019 20:20

რატომ ეძებს მამუკა ხაზარაძე 12-12 ადამიანს "ლელოსთვის" ყველა სფეროში

views 549
უკან

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ "TV პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განმარტა, რაომ სურს ყველა სფეროდან 12–12 ადამიანის შეკრება "ლელოსთვის".

მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას სიმბოლური დატვირთვაც აქვს.

"მე, ა.წ უკვე გარდაცვლილ გივი ზალდასტანიშვილთან ერთად, ჩვენს პარტნიორ ავთო წერეთელთან ერთად დავაფუძნეთ ამერიკული აკადემია თბილისში, 17 წლის წინ და ჩვენ ჩამოვიტანეთ „ექსეტერის“ აკადემიის მეთოდოლოგია, ეს არის ჰარვარდელი პროფესორების მიერ მოგონილი მაგიდა, რომლის გარშემო 12 მოსწავლე არის და ამ სკოლამ, რომელმაც უკვე 700 ბავშვი გამოუშვა, დაამთავრეს აშშ–ის ყველა წამყვანი უნივერსიტეტი და მათ ჯამურად, 4 წლის განმავლობაში 60 მილიონის მოცულობის სტიპენდია მოიპოვეს.

ეს ინტერაქტიული სწავლების მეთოდოლოგიაა, როცა 12 ბავშვი თვალებში უყურებს ერთმანეთს და 1 საათის განმავლობაში გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, დასკვნა გამოიტანონ და ა.შ, არის ძალიან ეფექტური რამ.

აქ რაღაც სიმბოლიზმიც შეიძლება იყოს, ის, რომ მე–12 საუკუნეში ოქროს ხანა გვქონდა ქართველებს და მეორე ისაც შეიძლება იყოს, რომ ევროკავშირის დროშაზე 12 ვარსკვლავია.

ასევე, ერთ–ერთმა ნიჭიერმა ადამიანმა თქვა, რომ 12–ის მერე ახალი წელი მოდის და მე ვფიქრობ, რომ ეს ამბავი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს არის ლიდერებზე აწყობილი პრინციპი, როცა ზემოდან კი არ კარნახობ ადამიანს სოფელსა და რაიონში, როგორ მართოს თავისი ქვეყანა, არამედ შენ შეგიძლია, შენ ყველაზე კარგად იცი ადგილზე, როგორ უნდა მიხედო შენს რაიონს, ქალაქს, სოფელს და ასეთი ადამიანები არსებობენ. ჩვენ ამ მოძრაობას გავშლით რეგიონში", – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ლელოს" პრეზენტაცია დღეს, ანაკლიაში გაიმართა.