მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადააქვს მთავრობას 370 მლნ-ის საინვესტიციო პროექტები 2020 წლისთვის?

5d8a3d71b0e70
შოთა ტყეშელაშვილი
24.09.19 21:10
1306
საქართველოს მთავრობას 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეაქვს. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 370 მილიონის ღირებულების საინვესტიციო პროექტების განხორციელების 2020 წლისთვის გადავადება არის განსაზღვრული.

გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რომ პროექტების გადავადების ძირითად მიზეზს მათი განხორციელების კომპლექსურობა წარმოადგენს.

“ჩვენ გვქონდა, დაახლოებით, 400 მილიონი ლარი, 370 მილიონი ლარი, რაც მცირდება დონორული დაფინანსება. ეს არის პროექტები, რაც გათვლილი იყო, რომ მიმდინარე წელს მოხდებოდა მათი ათვისება ამ მოცულობით. გასული წლებისგან განსხვავებით, წელს გაცილებით ადრე მოხდა იდენტიფიცირება იმის, რაც შეიძლება ყოფილიყო ხელისსემშლელი თანხების ათვისებასთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენ პირველი კვარტლის დასრულების შემდეგ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტიდან გადმოგვეტანა ის პროექტები, რომელთა დაფინანსებაც წელსვე იქნებოდა შესაძლებელი.

ეს დონორული პროექტები არსად არ გამქრალა. ჩვენ პროექტები, რომლებიც გათვალისწინებული გვქონდა მომდევნო წლისთვის, გადმოვიტანეთ წელს. მათ შორის ეს არის შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელსაც 115 მილიონი ლარი ემატება, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც. ასევე, ჩვენ გვქონდა სკოლების რეაბილიტაციაზე განსაზღვრული 20 მილიონი ლარი და ის გავაორმაგეთ.

კონკრეტულ მონაკვეთებზე არის განსხვავებული ვითარება. არის შემთხვევები, როდესაც უბრალოდ ტექნიკურად ვერ ხდება პროცესის დაწყება. მაგალითად რიკოთი-ზესტაფონის მონაკვეთზე, ორ მონაკვეთზე, რომელზეც გასულ წელს გაფორმდა შეთანხმებები. თუ ბოლო წლებში გაგივლიათ ამ მონაკვეთზე, დაინახავდით, რომ საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა გარკვეული შეფერხებები არის. მათ შორის ერთი მიზეზია ის, რომ მოსახლეობის ნაწილს, რამდენიმე ადამიანზე არის საუბარი, არ სურს მიწების დათმობა და უნდა 10-ჯერ და 30-ჯერ მეტი შემოსავლის მიღება, ვიდრე მისი საბაზრო ღირებულებაა. ასეთი პროცესები, რა თქმა უნდა, აფერხებს პროექტების განვითარებას. იგივე პრობლემაა რუსთავშიც. ჩვენ გვინდა, რომ გარკვეულ ჩარჩოებში მოვაქციოთ ეს პროცესი, დაიწყოს შესაბამისი პროცედურები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მოხდეს ამ ადამიანების გასახლება, რათა გაგრძელდეს პროექტის განხორციელება, მაგრამ პირდაპირ ყოველგვარი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ამ პროცესის გაგრძელება შეუძლებელია. სწორედ ასეთი ობიექტური ფაქტორები პროექტის განხორციელების ვადებს ანაცვლებს, თუმცა, თუ ჩვენ იგივე წელს შევხედავთ, ნაკლები თანხა იყო დაგეგმილი იგივე კობი-ქვეშეთის მონაკვეთზე. 141 მილიონი იყო დაგეგმილი, მაგრამ წელს შესაძლებელი გახდა უფრო დიდი თანხის ათვისება ამ მიმართულებით. მთავარია, პროექტის ჯამური მოცულობა არ გაგვეზარდოს.

კონკრეტული წლის განმავლობაში, რომელ პროექტს უფრო მეტი და რომელს უფრო ნაკლები ათვისება ექნება, ვფიქრობ, რომ არის მეორეხარისხოვანი, ვიდრე ის, რომ ჯამურად პროექტების განხორციელება არ შეფერხდეს,”- ამბობს კაკაურიძე.