მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადაიდო თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა?

625444f508ca3
ანუკა ჯოხაძე
12.04.22 00:00
10853
გასულ კვირას კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი 2022 წელს შემოვა. თუმცა 18-მეტრიანი ავტობუსები ქალაქში, ჯერ 2020 წლიდან, შემდეგ კი უკვე 2021 წლიდან უნდა გამოჩენილიყო. 

BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა პანდემიის გამო შეჩერდა.

“მიმდინარე კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე 18-მეტრიანი ავტობუსების შესაძენად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები დროებით შეჩერდა, თუმცა დონორ ორგანიზაციასთან ხელშეკრულებას წლის ბოლომდე მოეწერება ხელი და შესაბამისი შესყიდვის და ტექნიკური დოკუმენტაციის გამართვისთანავე ქალაქი მიიღებს ამ ავტობუსების პირველ ნაკადს", - აცხადებენ თბილისის მერიაში.

კითხვაზე თუ რა ეტაპზეა 10 სატრანზიტო დერეფნის მოწყობა დედაქალაქში, სადაც 18-მეტრიანმა ავტობუსებმა უნდა იმოძრაონ, თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მონაკვეთი ვარკეთილში ცოტა ხნის წინ დასრულდა, ხოლო სამუშაოები გამზირის რეაბილიტაციის პარალელურად, ქეთევან წამებულის გამზირზეც მიმდინარეობს, სადაც ასევე მოეწყობა განცალკევებით საავტობუსე ზოლი.

“დედაქალაქში 10 სატრანზიტო საავტობუსე დერეფნის მოწყობის სამუშაოები მორიგ მონაკვეთზე უკვე დასრულდა ვარკეთილში (კუპრაძე, თაყაიშვილისა და სუხიშვილის ქუჩები). ამჟამად, მიმდინარეობს სამუშაოები ქეთევან დედოფლის გამზირზე, სადაც სხვა ინფრასტრუქტურულ ცვლილებებთან ერთად მოეწყობა განცალკევებული საავტობუსე ზოლი, ორივე მიმართულებით. საბოლოო ჯამში, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში დანერგილი ეს დერეფნები ერთმანეთთან დაკავშირდება და უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო კომფორტულ და დროულ ოპერირებას", - განმარტავენ თბილისის მერიაში.

ცნობისთვის, 10 სატრანზიტო დერეფნის მოწყობა, სადაც მათ შორის 18-მეტრიან ავტობუსებს უნდა ევლოთ, კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2018 წელს დააანონსა.

ამასთან, 2020 წელს თბილისის მერის მაშინდელი მოადგილე მაია ბითაძე აცხადებდა, რომ მნიშვნელოვანი იყო ძირითად ქუჩებზე, სადაც მოსახლეობა ყოველდღიურად გადაადგილდებოდა, 10-15 წუთში ერთხელ 18-მეტრიან ავტობუსებს ევლოთ, რომლებიც 150 მგზავრს ერთდროულად გადაიყვანდნენ.