მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადაიტანს პანდემიას საქართველო ნაკლები ზიანით, ვიდრე სხვა ქვეყნები? - IMF

5e9c39d9d9fc9
ელენე კვანჭილაშვილი
19.04.20 16:20
7063
საქართველოს მთავარი კონკურენტული უპირატესობა ის არის, რომ მისი მაკროეკონომიკური პოლიტიკა გამართულია,- ამის შესახებ “საერთაშორისო სავალუტო ფონდის”(IMF) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩეკირი აცხადებს “ანალიტიკასთან” ინტერვიუში, სადაც ის COVID 19-ის გავლენის შესახებ საუბრობს საქართველოსა და მსოფლიოს ეკონომიკებზე.

“საქართველომ მოახერხა და შექმნა სერიოზული ფისკალური და საერთაშორისო რეზერვები. მახსოვს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი არაერთხელ გააკრიტიკეს ამ რეზერვების დაგროვების პოლიტიკისთვის - მაგრამ დღეს უკვე გამოჩნდა, რომ კარგია, რომ ასე მოიქცნენ. ასევე, მგონია, რომ საქართველო მიიღებს მნიშვნელოვან დახმარებას დონორებისგან. ეს ყველაფერი უკვე დაეხმარება ქვეყანას, რომ შოკს სათანადო პასუხი გასცეს

ფაქტია, საქართველო - ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები ვერ გაექცევა თავის ეკონომიკაზე კოვიდ-19-ის დარტყმას, ამას იგრძნობენ, როგორც ინდივიდები, ისე ბიზნესები - მაგრამ აქ ერთი მთავარი რამ არის გასათვალისწინებელი - ბუფერების და დონორების დახმარების გარეშე, ეს გავლენა კიდევ უფრო ღრმა და მტკივნეული იქნებოდა”,- აცხადებს ჩაკირი.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ საქართველოს აქამდე ვალის საკმაოდ დაბალი დონე ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დეფიციტის და ვალის მიმართება მთლიან შიდა პროდუქტთან გაიზრდება, ეს მომავალში დიდ პრობლემებს მაინც არ შექმნის და ინფლაციას წნეხად არ დააწვება.

“საქართველო შედარებით მცირე ეკონომიკის და არა მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა და ეს მახასიათებლები ამ ვითარებაში მის სასარგებლოდ მუშაობს.

ამდენად, შემიძლია ვთქვა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო ამ შოკს უფრო ჯანსაღად და ნაკლები ზიანის მიღებით გადაიტანს, ვიდრე სხვა ქვეყნები. ყველაფერი შედარებითია.

ამასთან, საქართველო ყოველთვის იყო სანდო ადგილი ინვესტიციებისთვის და მგონია, რომ ეს რეპუტაცია მას პოსტ-პანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით დაეხმარება.

და ასევე, მას შემდეგ, რაც ეს პანდემია გადაივლის საქართველო ალბათ უფრო სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ეკონომიკის დივერსიფიკაციის კუთხით და ასე დამოკიდებული არ უნდა დარჩეს ტურიზმის სექტორზე”,- აცხადებს ჩაკირი.