08.სექტემბერი .2020 18:00

რატომ გადამისამართდა €120 მლნ-ის სესხი გაზსაცავის პროექტიდან Covid-19-ზე? - განმარტება

views 565
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მიწისქვეშა გაზსაცავისთვის მობილიზებული €120 მლნ-ის სესხი გადამისამართდა და კორონავირუსის პანდემიის გავლენის შემცირებას მოხმარდება. მინისტრი განმარტავს, რომ პროექტის პირველი ეტაპისთვის საჭირო თანხა სახელმწიფოს უკვე აქვს, დამატებითი რესურსი კი წელიწად-ნახევრის განმავლობაში საჭირო არ იქნება. სწორედ ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, გაზსაცავის მეორე ეტაპისთვის მობილიზებული თანხა კორონავირუსის პანდემიის საწინააღმდეგოდ გამოიყენოს, გაზსაცავის პროექტის მეორე ეტაპისთვის საჭირო თანხა კი მოგვიანებით, პარტნიორებისგან მოიპოვოს. 

საქმე ისაა, რომ საქართველოს წინა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ 2018 წელს, თბილისში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტის ეკონომიკური ნაწილის ფარგლებში, ხელი მოაწერა €150 მილიონი ევროს სასესხო შეთანხმებას. რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ გერმანიის განვითარების ბანკი (KFW) დათანხმდა, რომ თანხა საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისთვის მიემართა.

მთავრობის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საქართველოში COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის დაწყების შემდგომ, მთავრობასა და KFW-ს შორის შედგა მოლაპარაკება, რომლის შედეგადაც ამ სასესხო ხელშეკრულების მიზნობრიობა შეიცვალა. კერძოდ, მოდიფიცირებას დაექვემდებარა ამ 150 მილიონი ევროდან 120 მილიონი ევროს მოცულობა. განახლებული შეთანხმების თანახმად, თანხა საქართველოში COVID-19-ის კრიზისზე დაიხარჯება.

„გაზსაცავის მშენებლობა არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის. პროექტს ჩვენც და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც მხარს ვუჭერთ ხოლო, ასრულებს ნავთობის და და გაზის კორპორაცია. ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ, რომ ეს პროექტი შედგება დროულად და უფრო მეტიც, უახლოეს პერიოდში დასრულდება საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც ძალიან ცნობილი ჯგუფი იმარჯვებს.

ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ პროექტის პირველი ეტაპი დროულად დაიწყოს, რასაც წელიწადნახევარი დასჭირდება. შემდეგ კი მოვასწრებთ და მოვიპოვებთ საკმარის რესურსს იმისთვის, რომ 2024 წლამდე ეს პროექტი დასრულდეს. უბრალოდ მოხდა პანდემია, რაც არ იყო გათვლილი. მოვახდინეთ თანხის რელოკაცია, რომელიც მობილიზებული იყო ამ პროექტისთვის და მომდევნო ორი წელი არ დასჭირდება მას. შემდეგ კი მოვახდენთ აღნიშნული თანხის მობილიზებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, პროექტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მას მხარს დაუჭერენ და აუცილებლად განხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა