მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადაუკვალიფიცირდათ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელს ფულის გათეთრების ბრალდება თაღლითობად?

61de84e866a14
მარიამ ვარადაშვილი
12.01.22 11:42
1431
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მათ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ისინი პატიმრობისგან გათავისუფლდნენ.

კერძოდ, პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით დავობდა, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობდა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ არა ამ მუხლით, არამედ 180-ე მუხლით ცნო, რაც თაღლითობას გულისხმობს. 

სასამართლომ ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო სს „თიბისი ბანკის“ კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარება) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით).

“ორ საკითხზე მინდა ყურადღების გამახვილება, რატომ მოხდა ბრალის გადაკვალიფიცირება და არა გამართლება. ვფიქრობ,  ბრალის მიხედვით ბრალდებულების მიმართ წარდგენილი მოქმედებები, რომელიც მოიცავდა 194-ე მუხლს, არის იმ 180-ე მუხლის გაგრძელება, რომლის თაობაზეც უკვე გამოტანილი იყო დევნის არაღძვრის თაობაზე დადგენილება თავად პროკურატურის მხრიდან. შესაბამისად, ის არის ერთიანი ქმედება, რომელსაც შეეძლო, რომ მოსდავებოდა ბრალდების მხარე. ამ საკითხს უფრო ვრცლად მხარეები დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში გაეცნობიან”, - განაცხადა განაჩენის გამოცხადებისას მოსამართლემ.



ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პროკურორი პირველ კომენტარს აკეთებს

მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, მათ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.