14.სექტემბერი .2020 23:00

რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ ე.წ კოვიდ-სასტუმროების შექმნა - განმარტება

views 287
უკან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, დღეისთვის კოვიდ-სასტუმროებში 155 ადამიანია გადაყვანილი, ხოლო სასტუმროებში ინფიცირებული პაციენტებისთვის განკუთვნილი სასაწოლე ფონდი 500-მდეა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა, სადაც მთავრობის გადაწყვეტილების მიზეზები და დეტალები განმარტა.

თამარ გაბუნიას თქმით, კოვიდ-სასტუმროები არის შუალედური რგოლი ჰოსპიტალურ და ბინაზე მკურნალობას შორის, რისთვისაც სახელმწიფო ემზადება.

„მთელ მსოფლიოში აპრობირებულია ბინაზე მკურნალობის პრაქტიკა, საქართველოში იმის გამო რომ შესაძლებლობა გვქონდა ვარჩიეთ შემთხვევების ჰოსპიტალური მართვა. ამ მიმართულებით დიდი კლინიკური გამოცდილება დაგროვდა და დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ ჰოსპიტლის გარეთ შემთხვევების მართვაზე.

ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჰოსპიტალგარე მართვის შუალედური რგოლი გავიაროთ, მივიღოთ გამოცდილება და შემდეგ უფრო თამამად ვისაუბროთ ბინაზე მართვის პრაქტიკაზე, რისთვისაც ოჯახის ექიმები უკვე მომზადებულები არიან.

მარტის თვეში დამტკიცდა ბინაზე მართვის პროტოკოლი და ოჯახის ექიმებმა პირველი რაუნდი გაიარეს, ახლა იგეგმება მეორე რაუნდი, რომ აქტიური ბინაზე დამყარებული მართვისთვის ვიყოთ მზად“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა, ვინ გადავა კოვიდ-სასტუმროებში.

„დღევანდელი პროტოკოლით - პაციენტი, რომელიც არის მსუბუქი კლინიკური მდგომარეობის 19-დან 75 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, არ აქვს ქრონიკული თანმხლები დაავადება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსის გართულება და გააუარესოს მისი კლინიკური მდგომარეობა, გადაყვნილ იქნებიან კოვიდ-სასტუმროში, სადაც გაუგრძელდებათ სამედიცინო მეთვალყურეობა, ვინაიდან ასეთ პაციენტს სამედიცინო ჩარევები არ სჭირდება. მას სჭირდება იზოლაცია, სიმშვიდე და სამედიცინო მეთვალყურეობა, რა პირობებიც კოვიდ-სასტუმროებში შექმნილია“, - აღნიშნა მან.

თამარ გაბუნიამ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანას კოვიდ-სასტუმროების შენახვა უფრო იაფი უჯდება, ვიდრე ჰოსპიტლების.