მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაძვირდა უძრავი ქონება? - ილია წულაიას პასუხი

632dd1248aeb7
თელარა გელანტია
26.09.22 00:16
4862
საქსტატის მონაცემებით, წლიურად, ქვეყანაში უძრავი ქონების მშენებლობა 11.7%-ით არის გაზრდილი. TBC Capital-ის ინფორმაციით კი, თბილისში აგვისტოში გასაქირავებელი ბინის ფასი წლიურად 79%-ით გაიზარდა. გასაყიდი  26.5%-ით და კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდმა ფასმა 999 დოლარს მიაღწია.

უძრავი ქონების გაძვირების და მოთხოვნის ზრდის მიზეზები იყო ერთ-ერთი თემა BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში დეველოპერული კომპანია „არქის“ დამფუძნებელთან ინტერვიუში.



კითხვაზე - რომ არა რუსეთ-უკრაინის ომი და მისგან გამომდინარე მიგრანტების ნაკადი და შესაბამისად, გაზრდილი მოთხოვნა უძრავ ქონებაზე, იქნებოდა თუ არა სექტორში აღდგენის ტემპი ასეთი მაღალი, ილია წულაიას შეფასებით, „არქის“ შემთხვევაში, მოთხოვნის ზრდის მთავარი ფაქტორი მიგრანტების ნაკადი არ არის.

„არქის“ მაგალითზე გეტყვით, რომ მას შემდეგ, რაც, სამწუხაროდ, რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ჩვენთან, დაახლოებით, 700-800 ბინა გაიყიდა და მიგრანტებზე, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ, მაქსიმუმ 7-8 ბინა იქნება გაყიდული. ამდენად, „არქიში“ ერთეული შემთხვევებია, როდესაც ბინები რუსებმა, უკრაინელებმა და ბელარუსებმა შეიძინეს. ძირითადად, ქართველები ყიდულობენ და ასევე, ტრადიციული ქვეყნებიდან მოქალაქები, მაგალითად, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან.

ამდენად, უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდაზე, შეიძლება, დადებითი ეფექტი უფრო იმან მოახდინა, რომ მიგრანტები, რომლებიც შემოდიან საქართველოში, ქირაობენ უძრავ ქონებას იმ ადამიანებისგან, ვისაც აქვს უკვე ეს ქონება. შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა და გაძვირდა უძრავი ქონების ქირის ფასიც. შედეგად, ჩვენმა მოქალაქეებმა და ტრადიციულმა კლიენტებმა გადაწყვიტეს, რომ დამატებით შეეძინათ უძრავი ქონება, რადგან ნახეს, რომ გაქირავება მოგებიანია და გარკვეულწილად ამანაც წაახალისა მოთხოვნის ზრდა;

თუმცა უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა უფრო მეტად განაპირობა არა მოთხოვნის ზრდამ და ამ ეფექტმა, არამედ სამშენებლო მასალების გაძვირებამ, რამაც ბევრი დეველოპერი იძულებული გახადა, გასაყიდი ფასი გაეზარდა. მართალია, საქსტატის მიხედვით, ქვეყანაში უძრავი ქონების მშენებლობა 12%-ით გაიზარდა, მაგრამ ეს დოლარში რომ გადავიყვანოთ, კვადრატული მეტრის მშენებლობა 28-30%-ითაა გაძვირებული ($100-120), მაგრამ თუ უშუალოდ გასაყიდი ფართების მიხედვით დავითვლით, კვადრატული მეტრის გასაყიდი ფართის თვითღირებულება, დაახლოებით, 40%-ითაა გაზრდილი, რაც დაახლოებით, 150-160 დოლარით გაძვირებას ნიშნავს. შესაბამისად, ეს ვითარება თუ არ აისახა გასაყიდ ფასში, მშენებლობა ვერ გაგრძელდება. ციფრი ყველა შემთხვევაში უნდა გადავიდეს ფასში, ან ეს ციფრი უნდა გადავიდეს ფასში ან ცოტა ნაკლები, მოგების შემცირების ხარჯზე. სხვა შემთხვევაში უნდა გააჩერო მშენებლობა. ამდენად, ამ ფაქტორებმა გამოიწვია უძრავი ქონების გაძვირება“, - განმარტა ილია წულაიამ.

რაც შეეხება მოლოდინებს, „არქის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ კიდევ გაძვირდება თუ არა უძრავი ქონება, ეს ინფლაციის დონეზეა დამოკიდებული.