მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაძვირდა ხახვი რეკორდულად და როდის გაიაფდება?

6450a1fb61ada
ლიკა მეგუთნიშვილი
02.05.23 10:39
3496
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მარტში ხახვი 110.7%-ით გაძვირდა. ოფიციალური მონაცემები, რამდენად გაიზარდა ხახვზე ფასი აპრილში, ჯერ არ გამოქვეყნებულა, გასულ კვირას კი ხახვის ფასი საშუალოდ, 5-7 ლარს შეადგენდა. ფასმა პიკს გასულ უქმეებზე მიაღწია, როდესაც ერთი კილოგრამი ხახვის ფასი ორნიშნა ნიშნულზე ავიდა და რიგ შემთხვევებში 10-12 ლარიც კი დაფიქსირდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის ფერმერის" ხელმძღვანელი, რუსუდან გიგაშვილი ფასის გაძვირების მთავარ მიზეზად, შემცირებულ იმპორტს ასახელებს. თურქეთმა, რომელიც ხახვის პირველი იმპორტიორი იყო საქართველოში, 2022 წლის ბოლოს ხახვის ექსპორტზე შეზღუდვა დააწესა, რამაც ჩვენს ბაზარზე დეფიციტი შექმნა.

რუსუდან გიგაშვილის თქმით, როდესაც მოთხოვნა იგივე დარჩა, ხოლო ბაზარზე მიწოდება შემცირდა, ბუნებრივია, ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

"თურქეთს აქვს თავისი შიდა პრობლემა, არ ჰქონდათ საკმარისი მოსავალი და შეზღუდეს ექსპორტი. რუსეთიდან კი, არ შემოდის საკმარისი რაოდენობა. გარდა ამისა, ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი და ყაზახეთი, რომლებიც ხახვის ექსპორტით ლიდერობენ, დაბალი წარმოება ჰქონდათ. შეზღუდული ექსპორტი ცხადია, საქართველოზეც აისახა. ამ სეზონზე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ თურქეთმა შეზღუდვა მოხსნას, თუმცა, როგორც კი ჩვენთან ე.წ. საადრეო ხახვი შემოვა, ფასები დასტაბილურდება. ძველ ნიშნულს შესაძლოა, ჯერ არ დაუბრუნდეს, მაგრამ ფასები დაიწევს. 1 ლარი და 1.5 ლარი შესაძლოა არა მაგრამ, მესამედი მაინც გახდება ხახვის ღირებულება", - განაცხადა "მომავლის ფერმერი"-ს ხელმძღვანელმა, რუსუდან გიგაშვილმა.

ხილისა და ბოსტნეულის ასოციაციის ხელმძღვანელი, ვახტანგ ბეჟიტაშვილი კი აღნიშნავს, რომ იმპორტის შეზღუდვასთან ერთად, ხახვზე ფასის მატება ადგილობრივი წარმოების სიმცირემაც განაპირობა.

როგორც ბეჟიტაშვილი ამბობს, უახლოს მომავალში ბაზრები გაიხსნება, რაც ხახვის ფასის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას განაპირობებს.

"ფასის გაძვირება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. უმთავრესი ის არის, რომ ადგილობრივი წარმოება არ გვაქვს სათანადო დონეზე და იმ რაოდენობის პროდუქციის მოყვანა არ ხდება, რომ ჩვენი ქვეყანა ამ კუთხით თვითკმარი იყოს. არ გვაქვს ისეთი შესანახი მეურნეობები, რომელსაც შეუძლია სეზონიდან სეზონამდე უწყვეტად პროდუქციის მიწოდება უზრუნველყოს. მეორე ფაქტორი კი ის არის, რომ იმ ქვეყნებმა, საიდანაც პროდუქცია შემოგვქონდა, ექსპორტი შეზღუდეს, ბაზარზე დეფიციტი შეიქმნა და ამან ხახვის გაძვირება გამოიწვია. ფასი დაახლოებით 300%-ით გაიზარდა, რაც არაბუნებრივია და დიდხანს ვერ გაგრძელდება. გარკვეულმა ქვეყნებმა უკვე განაახლეს ექსპორტი და უახლოეს დღეებში ჩვენთან იმპორტის ის მოცულობები შემოვა, რაც ბაზარს დააკმაყოფილებს და ფასები, რა თქმა უნდა, დაიწევს", - აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

ცნობისთვის: საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 2 მილიონ 731 ათასი დოლარის ღირებულების 7 220 ტონა ხახვი შეიძინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს ღირებულებით მცირედით 11.2%-ით აღემატება, ხოლო მოცულობით 6.7%-ით ჩამორჩება.

საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი ასეთია:
1. რუსეთი - 1.6 მლნ დოლარი, 4 249 ტონა;
2. აზერბაიჯანი - 703 ათასი დოლარი, 1 869 ტონა;
3. თურქეთი - 336 ათასი დოლარი, 882 ტონა;
4. ეგვიპტე - 74 ათასი დოლარი, 216 ტონა;
5. ნიდერლანდები - 6 ათასი დოლარი, 3 ტონა.