მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაიზარდა ინფლაცია და რას აპირებს ეროვნული ბანკი? - კობა გვენეტაძის განმარტება

5dc0020312318
თელარა გელანტია
04.11.19 14:47
1440
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, „არსებული ინფლაციის მაჩვენებელი გაუფასურებული კურსის გამო გვაქვს“.

ამის შესახებ გვენეტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელი მისიის ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე, ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა. აღნიშნულის საპასუხოდ, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც იქამდე გაგრძელდება, სანამ არ ამოიწურება გაცვლითი კურსის გაუფასურების ეფექტი ფასების ზრდაზე. ჩვენი პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მარტიდან შემცირებას დაიწყებს, წლის მეორე ნახევარში ჩამოცდება მიზნობრივ მაჩვენებელს, შემდგომ კი თანდათან ქვემოდან მიუახლოვდება მას. საშუალოვადიან პერიოდში კი, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება.

საყურადღებოა, რომ დღეს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საბაზო ინფლაცია თამბაქოს გარეშე 3.4 პროცენტია, რაც მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს არის. ეს მიუთითებს, რომ მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები ძლიერი არ არის და ამ ეტაპზე არსებული ინფლაციის მაჩვენებელი, ძირითადად, გაუფასურებული კურსის გამო გვაქვს”, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნება საგარეო შოკებთან გასამკლავებლად კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რასაც განხილვებისას საქართველოში ვიზიტად მყოფმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

„საქართველოსთვის ეს არის მთავარი წინაპირობა კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და მიმდინარე ანგარიშის დისბალანსის შესამცირებლად, განსაკუთრებით ტურბულენტურ ვითარებებში”, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: საქსტატის მიხედვით, ოქტომბერში წლიური ინფლაცია 6.9%-მდე დაჩქარდა. ასეთი მაღალი ინფლაცია 2017 წლის შემდეგ არ ყოფილა.